არჩილ თალაკვაძე - ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონპროექტის ტექსტი არსებობს, განსახილველად გამოდის ხვალ და პარლამენტის მხრიდან პროექტის გაწვევაზე ინფორმაცია არასწორია
არჩილ თალაკვაძე - ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონპროექტის ტექსტი არსებობს, განსახილველად გამოდის ხვალ და პარლამენტის მხრიდან პროექტის გაწვევაზე ინფორმაცია არასწორია

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ბიუროს დღევანდელ სხდომაზე გამოეხმაურა ოპოზიციონერი დეპუტატის, სერგი კაპანაძის განცხადებას, რომლის თანახმადაც, ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონში ცვლილებების ტექსტი არ არსებობს.

თალაკვაძის თქმით, ტექსტის გარეშე რაიმეს ინცირება შეუძლებელია და შესაბამისად, აღნიშნული განცხადება სიმართლეს არ შეესაბამება.

„ტექსტიც არსებობს, მთელი კვირა სამუშაო შეხვედრები მიდის. მესმის, რომ პოლიტიკური შედარება გააკეთეთ, მაგრამ კომუნიკაციების შესახებ კანონპროექტი როცა იქნა შემოტანილი, ტექსტიც მაშინვე მოყვებოდა. სხვანაირად შეუძლებელია რაიმეს ინიცირება“, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

საპასუხოდ, კაპანაძემ კვლავ გაიმეორა, რომ საკითხი დღეს კომიტეტზე უნდა ყოფილიყო განხილული, მაგრამ ტექსტი არ არსებობს.

„ტექსტი არ არსებობს, ბატონო არჩილ. დღეს კომიტეტზე უნდა ყოფილიყო განხილული და ტექსტი არ არის. წინა ტექსტი რაც იყო, არ არის“, – აღნიშნა კაპანაძემ.

არჩილ თალაკვაძემ განმარტა, რომ საკითხი კომიტეტზე არა ტექსტის გამო, არამედ იმის გამო არ გავიდა, რომ შესაბამის სექტორთან კუნსულტაციები კვლავ გრძელდება.

„ტექსტი არსებობს, სამუშაო შეხვედრები მთელი კვირა მიმდინარეობდა. დღეს კომიტეტზე რომ არ გამოვიდა საკითხი, ეს ტექსტის გამო კი არ იყო, ბატონო სერგი, ეს იმის გამო იყო, რომ ამასთან დაკავშირებით კონსულტაციები სექტორთან კიდევ გრძელდება. შესაბამისად, ეს საკითხი გამოდის ხვალ და არასწორია ის ინფორმაცია, რაც გაჟღერდა დილიდან, თითქოს ამ პროექტის განხილვა აღარ იგეგმება ან მისი გაწვევა ხდება პარლამენტის მხრიდანო. პარლამენტი ამას ვერც გაიწვევს, რადგან არ არის პარლამენტის მიერ ინიცირებული. ასე რომ, რა თქმა უნდა, ამ ინიციატივას ჩვენ სექტორთან შეთანხმებით განვიხილავთ ბოლომდე და მიმდინარე კვირაში კენჭს ვუყრით“, – განაცხადა თალაკვაძემ.