არჩილ თალაკვაძე „ელექტრონული კომუნიკაციების“ კანონპროექტზე - სახელმწიფოს აქვს ერთადერთი მოტივაცია, რომ დაცული იყოს სტრატეგიული ინფრასტრუქტურა და უსაფრთხოების საკითხი
არჩილ თალაკვაძე „ელექტრონული კომუნიკაციების“ კანონპროექტზე - სახელმწიფოს აქვს ერთადერთი მოტივაცია, რომ დაცული იყოს სტრატეგიული ინფრასტრუქტურა და უსაფრთხოების საკითხი

სახელმწიფოს აქვს ერთადერთი მოტივაცია, რომ დაცული იყოს ქვეყნისთვის სტრატეგიული, კრიტიკული ინფრასტრუქტურა და უზრუნველყოფილი იყო უსაფრთხოების საკითხი,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ „ელექტრონული კომუნიკაციების“ შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით ოპოზიციონერი დეპუტატის, სერგი კაპანაძის საპასუხოდ განაცხადა.

„ელექტრონულ კომუნიკაციებს რაც შეეხება, მე არ ვიცი, გუშინ მარტო თქვენ ესწრებოდით ამ სხდომას, როდესაც ამას განვიხილავდით. კომიტეტზეც თქვენ იყავით ერთადერთი თქვენი პარტიიდან და ფრაქციიდან, ვინც ამ თემაზე ძალიან აქტიურად გამოდიოდით.

როგორც ჩანს, თქვენ განსაკუთრებული დაინტერესება გაქვთ ამ საკითხზე და ღრმად ხართ ამაში ჩახედული. თუ ღრმად ხართ ჩახედული, მე პირდაპირ გეტყვით, აქ საკითხი ეხება ქვეყნისთვის სტრატეგიულ, კრიტიკულ ინფრასტრუქტურას.

სახელმწიფოს აქ აქვს ერთადერთი მოტივაცია, რომ კრიტიკული ინფრასტრუქტურა და მისთვის სტრატეგიული ინფრასტრუქტურა იყოს დაცული, უსაფრთხოების საკითხი ამ მიმართულებით იყოს უზრუნველყოფილი.

დანარჩენ ყველა სადავო საკითხზე, ჩვენ გვაქვს სამუშაო პროცესი სექტორთან და სექტორთან ერთად ვცდილობთ, რომ რაც შეიძლება ფართო კონსენსუსით მივიღოთ ცვლილებები“, – განაცხადა თალაკვაძემ.

რაც შეეხება საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შეტანასთან დაკავშირებით, დეპუტატ ეკა ბესელიასა და ვახტანგ ხმალაძის ინიციატივის დაჩქარებული წესით განხილვის საკითხს, თალაკვაძე ამბობს, რომ დაჩქარებული წესით განსახილველად შედის შეთანხმების შედეგად ინიცირებული პროექტები.

ამასთან, თალაკვაძის თქმით, საარჩევნო ცვლილებების ჩაგდებასთან დაკავშირებით საუბრის მორალური უფლება არ აქვთ მათ, ვინც ცოტა ხნის წინ მხარი არ დაუჭირა საკონსტიტუციო ცვლილებებს.

„თქვენ არ გეგონოთ, რომ აქ დაჩქარებული წესით რამე ისეთი შემოვიდა და ჩვენ ისეთს დავუჭირეთ მხარი, რომელზეც შეთანხმება მხარეებს შორის არ არის. ამიტომ რაზეა საუბარი? და საერთოდ, რას აპელირებთ ამ დაჩქარებულ ინიციატივებზე. რომელიმე იყო ისეთი, რომელიც არასაჭირო იყო და არსაწორ დროს და არასწორ ადგილას იქნა მიღებული? ლოგიკა თუ იქით არსებობს, თქვენ სადაც გაწყობთ, მაშინ აქეთაც უნდა გაავრცელოთ ეს ლოგიკა ხო? საარჩევნო ცვლილებებზე აქეთ რომ გვეუბნებით, როგორც წესი ამ კანონებს აგდებთ ხოლმეო, მინიმუმ მაგის თქმის მორალური უფლება დღევანდელ ბიუროზ არ გაქვთ.

შეიძლება, 10 წლის შემდეგ ილაპარაკოთ ამაზე, მაგრამ ერთი კვირის წინ რომ მხარი არ დაუჭირეთ საკონსტიტუციო ცვლილებას საარჩევნო სისტემაზე და ოთხი დღის წინ მხარი არ დაუჭირეთ საარჩევნო კოდექსში შეთანხმებულ ცვლილებებს, რომელზეც გამოდიოდით ხმამაღალი განცხადებებით და ამბობდით, რომ ეს სჭირდება ქართულ დემოკრატიასო, დღეს მინიმუმ მაგას არ უნდა გვეუბნებოდეთ, რომ როგორც წესი ჩვენ ვაგდებთ რაღაცებს.

რაც შეეხება ამ ინიციატივას, ქალბატონ ეკასთან მე მქონდა საუბარი. არ მაქვს საუბრის პრობლემა არც ერთ კოლეგასთან. მით უმეტეს ქალბატონ ეკასთან. მე მას ვუთხარი და თქვენც გაგიმეორებთ, ამ საკითხის დაჩქარებული განხილვის პრობლემა კი არ არსებობს, აქ საკითხი მდგომარეობს იმაში, რომ ინიცირებული თემა იყო განხილული მთელი ერთი წლის განმავლობაში სამუშაო ჯგუფის ფარგლებში, რომელსაც სხვათა შორის თქვენ ძალიან ხშირად აცდენდით, ბატონო სერგი, და იქ ამაზე შეთანხმება ვერ შედგა.

ჩვენ გამოვიტანეთ ის ცვლილებები, რომელზეც შედგა შეთანხმება და პირნათლად, ყველა ამ ცვლილებას მხარი დაუჭირა „ქართულმა ოცნებამ“ და კიდევ რამდენიმე პოლიტიკურმა ჯგუფმა, თქვენგან განსხვავებით.

ამიტომ რაზეც არ იყო შეთანხმება და კონსენსუსი, ის საკითხები ვერ მოხვდა იმ ცვლილებათა პაკეტში. ეს იყო თამაშის წესები მაგ ჯგუფის ფარგლებში, რომელშიც ოპოზიცია, პარტნიორები, არასამთავრობო სექტორი და პოლიტიკური პარტიები მონაწილეობდნენ. ახლა თქვენ გამოდიხართ აქ უფრო ხმამაღალი წინადადებით, ვიდრე თვითონ ქალბატონი ბესელია, რომ თურმე ამის განხილვა ახლა არის აბსოლუტურად აუცილებელი, რადგან სექტემბერში ვერ მოესწრება. რა მორალს გვიკითხავთ, ჩვენ არ ვიცით, რომ არჩევნებამდე უნდა იყოს მიღებული ცვლილებები საარჩევნო კანონმდებლობაში?

რად გვინდა მაგის შეხსენება თქვენგან და საერთოდ, რა საჭიროა ახლა აქ ამაზე სპეკულაციები. მეგობრებო, მშვიდად მივიღოთ გადაწყვეტილება. გუშინ იყო ამაზე მსჯელობა, მე მივეცი ქალბატონ ეკას საშუალება, რომ დღეს თავად მობრძანებულიყო და აეხსნა კოლეგებისთვის,ზედმეტი ახსნა მას არ სჭირდება დაჩქარებასთან დაკავშირებით, აქ ლაპარაკი არის შინაარსობრივ ნაწილზე, თვითონ ეს ცვლილება პოლიტიკურ მოთამაშეებს შორის შეთანხმების საგანი რამდენად შეიძლება იყოს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.