არჩილ თალაკვაძე - ეკა ბესელია თავად დაგიდასტურებთ, რომ მის საქმეზე რამდენიმე ადამიანია მიცემული პასუხისგებაში
არჩილ თალაკვაძე - ეკა ბესელია თავად დაგიდასტურებთ, რომ მის საქმეზე რამდენიმე ადამიანია მიცემული პასუხისგებაში

ჩვენ პატივს ვცემთ ადამიანის პირადი ცხოვრების უფლებას, – განუცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს კითხვაზე, რამდენად ეთიკურია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის გამონათქვამი, რომ ეკა ბესელიას მხრიდან მის პირად ცხოვრებაზე, პირადი ცხოვრების ამსახველ ვიდეოკადრებზე საუბარი უკვე ძალიან დამღლელია.

თალაკვაძის თქმით, ბესელია თავად დაადასტურებს, რომ მის საქმეზე რამდენიმე ადამიანია მიცემული პასუხისგებაში.

„მნიშვნელოვანია, რომ თითოეული მოქალაქის პირადი ცხოვრების უფლება არის დაცული ჩვენი ხელისუფლების პირობებში და თითოეულ შემთხვევაზე იყო დაწყებული გამოძიება, პასუხისგებაშია მიცემული არაერთი პირი, მათ შორის ქალბატონი ეკას საქმესთან დაკავშირებით. ის თავად დაგიდასტურებთ, რომ წარსულში რამდენიმე ადამიანი არის მიცემული პასუხისგებაში. ჩვენ პატივს ვცემთ და ვიცავთ ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს და მე მჯერა, რომ არც ერთი უკანონო ჩანაწერი ჩვენი ხელისუფლების პირობებში არ ყოფილა შექმნილი. ის ჩანაწერები, რომელიც წინა ხელისუფლების დროს იყო შექმნილი და გამოქვეყნდა ამ პერიოდებში, გამოძიების მხრიდან გახდა სათანადო რეაგირების საგანი. სადაც არის დარღვევა, იქ არის რეაგირებაც. ჩვენ პატივს ვცემთ ადამიანის პირადი ცხოვრების უფლებას“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.