არჩილ თალაკვაძე - ძველ ოპოზიციას აინტერესებს ერთადერთი, რომ ჩრდილი მიადგეს ჩვენს ქვეყანას და მისი რეპუტაცია შეილახოს
არჩილ თალაკვაძე - ძველ ოპოზიციას აინტერესებს ერთადერთი, რომ ჩრდილი მიადგეს ჩვენს ქვეყანას და მისი რეპუტაცია შეილახოს

ძველ ოპოზიციას აინტერესებს ერთადერთი, რომ ჩრდილი მიადგეს ჩვენს ქვეყანას და მისი რეპუტაცია შეილახოს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ, არჩევნებთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ ახალ ინიციატივასა და ოპოზიციის გამოხმაურებებზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, დემოკრატიული ცვლილებები, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ გაატარა, ოპოზიციისთვის ერთგვარი პოლიტიკური რენდგენი იყო.

„პოლიტიკურ რენდგენზე კარგად გამოჩნდა ძველი, დესტრუქციული ოპოზიცია და ის პოლიტიკური ჯგუფები, რომელსაც შესაძლოა, მართლაც აინტერესებთ ქვეყანაში ახალი პოლიტიკური სისტემა და დემოკრატია. ჩვენ, რა თქმა უნდა, ეს ცვლილებები გავაკეთეთ საზოგადოებისთვის, გავაკეთეთ ჩვენი ქვეყნისთვის და არა იმისთვის, რომ ძველმა პოზიციამ მაინცდამაინც მხარი დაუჭიროს. ვიცოდით, რომ ისინი დემოკრატიულ ცვლილებებს მხარს არ უჭერენ, ვინაიდან არც საკონსტიტუციო ცვლილებებს, არც საარჩევნო კოდექსის რეფორმას მათ არ დაუჭირეს მხარი და კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ სინამდვილეში არ აქვთ პოლიტიკური პროცესის იმედი, არ აქვთ მხარდაჭერა ქვეყანაში და რა თქმა უნდა, არც დემოკრატია აინტერესებთ. ძველ ოპოზიციას აინტერესებს ერთადერთი, რომ ჩრდილი მიადგეს ჩვენს ქვეყანას და შეილახოს ჩვენი ქვეყნის რეპუტაცია, ჩვენ ამას არ დავუშვებთ, ჩვენ ჩავატარებთ დემოკრატიულ, სამართლიან არჩევნებს და განვაგრძობთ ჩვენი ქვეყნის განვითარებას“, – განაცხადა თალაკვაძემ.

„ქართული ოცნება“ 26 აგვისტოს ინიციატივით გამოვიდა, ამომრჩევლის იძულების, დაშინებისა და ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის შემთხვევებზე სანქციები გამკაცრდეს. ოპოზიციაში კი აცხადებენ, რომ სახელისუფლებო პარტიის ინიციატივა, ფორმალობაა და „საზოგადოებისთვის თვალებში ნაცრის შეყრას ისახავს მიზანს“.