არჩილ თალაკვაძე - ძალიან მნიშვნელოვანია, „ქართული ოცნების“ გუნდური მიღწევები საზოგადოებასთან სწორად იყოს მიტანილი
არჩილ თალაკვაძე - ძალიან მნიშვნელოვანია, „ქართული ოცნების“ გუნდური მიღწევები საზოგადოებასთან სწორად იყოს მიტანილი

„ქართულმა ოცნებამ“ ამ წლების განმავლობაში მნიშვნელოვანი რეფორმები განახორციელა, წარმატებებს არაერთ სფეროში  მიაღწია და ამ წარმატების კონსოლიდაციას განვაგრძობთ“, – აღნიშნული განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ გააკეთა ჟურნალისტების კითხვის პასუხად, თუ როგორი პრემიერ-მინისტრი იყო გიორგი კვირიკაშვილი.

„ვფიქრობ, „ქართულმა ოცნებამ“ ამ წლების განმავლობაში ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმები განახორციელა, მიაღწია წარმატებებს არაერთ სფეროში და „ქართული ოცნება“ გააგრძელებს ამ წარმატებების კონსოლიდაციას. ჩვენ გვყავს ძლიერი გუნდი, გვაქვს საზოგადოების მხარდაჭერა და ამ ნდობას აუცილებლად გავამართლებთ მომდევნო წლების განმავლობაშიც“, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა.

ამასთან, მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, მიღწეულ შედეგებზე საზოგადოება სწორად იყოს ინფორმირებული.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გუნდური შედეგები და მიღწევები, რომლებიც „ქართულ ოცნებას“ აქვს, სწორად იყოს მიტანილი საზოგადოებასთან და ამ მიმართულებით კიდევ უფრო კარგად ვიმუშავებთ“, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა.