არჩილ თალაკვაძე - დიდი პატივია, გერქვას „ღირსეული პარტნიორი“ და მხარდამხარ იდგე თავისუფალი, განვითარებული ერების ჯარისკაცებთან
არჩილ თალაკვაძე - დიდი პატივია, გერქვას „ღირსეული პარტნიორი“ და მხარდამხარ იდგე თავისუფალი, განვითარებული ერების ჯარისკაცებთან

დიდი პატივია, გერქვას „ღირსეული პარტნიორი“ და მხარდამხარ იდგე თავისუფალი, განვითარებული ერების ჯარისკაცებთან, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ერთობლივი მრავალეროვნული წვრთნების „ღირსეული პარტნიორის“ დახურვის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

თალაკვაძემ სიტყვით მიმართა დამსწრე საზოგადოებას, მათ შორის სამხედროებს.

„თქვენ ქმნით საამაყო მხედრული ისტორიის თანამედროვე მაგალითს. მრავალეროვნული წვრთნებით და მუდმივი მზადყოფნით, ჩვენ ვიცავთ მშვიდობას, ვაუმჯობესებთ ურთიერთთავსებადობას და ვინარჩუნებთ რეგიონში უსაფრთხო გარემოს. „ღირსეული პარტნიორის“ მონაწილეებს საერთო ინტერესები და ფასეულობები გვაერთიანებს. ეს პროგრამა არის ჩვენი დასავლელი პარტნიორების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მხარდაჭერა მშვიდობიანი, ძლიერი და თავისუფალი საქართველოს მიმართ; ჩვენი თავდაცვის ძალებისთვის ყოველი ასეთი წვრთნა სრულყოფის და წინსვლის შესაძლებლობაა.

ჩვენი ოცნება, რომ დავასრულოთ ჩვენს ქვეყანაში რუსული ოკუპაცია – სამშობლოს უანგარო სიყვარულით, ეფექტიანი საშინაო და საგარეო პოლიტიკით, თავდაცვის შესაძლებლობების განვითარებით, სტრატეგიულ პარტნიორებთან თანამშრომლობით და დემოკრატიის განმტკიცებით შესრულდება!

ამავე დროს, „ღირსეული პარტნიორის“ მონაწილეებს გვაქვს სამშობლოსა და საერთო ღირებულებების დაცვის ზიარი ვალდებულება. ყველას გვეამაყება ჩვენი ჯარისკაცების თავდადებული სამსახური საერთაშორისო მისიებში, სადაც ჩვენი ერების ღირსეული შვილები მსოფლიოს ყველაზე ცხელ წერტილებში იცავენ გლობალურ მშვიდობას და უსაფრთხოებას“, – განაცხადა თალაკვაძემ.

მისი თქმით, საქართველოს თავდაცვის ძალები ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე საიმედო დასაყრდენია.

აქვე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა აშშ-ს საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ამაღლების საქმეში ძლიერი მხარდაჭერისთვის.

„საქართველო აკმაყოფილებს ყველა ძირითად მოთხოვნას და ჩვენ ვართ სტრატეგიულ მზადყოფნაში ნატო-ში გაწევრიანებისთვის. 2020 წლის სამართლიან და გამჭვირვალე საპარლამენტო არჩევნებზე კიდევ ერთხელ დავამტკიცებთ, რომ საქართველო ერთგულია დემოკრატიული ფასეულობების და რომ ქვეყანა სამართლიანად იმსახურებს ევროპული და ევროატლანტიკური სივრცის ღირსეულ და სრულფასოვან წევრობას.

ასევე, ჩვენ გვაქვს დიდი სამუშაო შესასრულებელი, რომ აღვადგინოთ გლობალური პანდემიით დაზარალებული ეკონომიკა, შევქმნათ ახალი სამუშაო ადგილები და გავაუმჯობესოთ ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობა. ამისთვის კი მზად ვართ.

უსაფრთხოების დაცვით, დემოკრატიის გაძლიერებით და ეკონომიკის განვითარებით ჩვენ ვქმნით ჩვენი ქვეყნის და ჩვენი შვილების უკეთეს მომავალს. ეს მარტივი მისია არ არის, მაგრამ ეს შესაძლებელია და ჩვენ ერთად შევძლებთ ამის გაკეთებას.

მადლობას ვუხდი ჩვენ მთავარ სტრატეგიულ პარტნიორს – ამერიკის შეერთებულ შტატებს და მეგობარ სახელმწიფოებს საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ამაღლების საქმეში ძლიერი მხარდაჭერისთვის.
საქართველოს პარლამენტის სახელით გილოცავთ მრავალეროვნული სწავლების წარმატებით დასრულებას“, – განაცხადა თალაკვაძემ.