არჩილ თალაკვაძე - დღეს მოვისმინეთ „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატების პირდაპირი აღიარება, რომ წინასაარჩევნო სამზადისის ნაცვლად წინარევოლუციურ სამზადისში არიან
არჩილ თალაკვაძე - დღეს მოვისმინეთ „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატების პირდაპირი აღიარება, რომ წინასაარჩევნო სამზადისის ნაცვლად წინარევოლუციურ სამზადისში არიან

დღეს მოვისმინეთ „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატების პირდაპირი აღიარება, რომ ისინი, წინასაარჩევნო სამზადისის ნაცვლად, წინარევოლუციურ სამზადისში არიან, სწორედ ამისთვის სჭირდებათ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებაც, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ამ პოლიტიკური ძალის და მისი სატელიტების მხარდაჭერა ნიშნავს ერთადერთს, რომ ისინი რევოლუციას, შურისძიებას და არეულობას მოიტანენ.

„ძალიან მკაფიოდ ითქვა „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატის მხრიდან, რომ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება საჭიროა, რათა ის ჩაერთოს წინარევოლუციურ პროცესებში. არანაირი ორმაგი გაგება არ შეიძლება, არსებობდეს ამ განცხადებასთან დაკავშირებით. სწორედ ამას ვამბობდით ჩვენ ბოლო ორი კვირის განმავლობაში, როცა პარლამენტში საარჩევნო კოდექსზე ვმუშაობდით, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი სატელიტი პარტიები ემზადებიან არა წინასაარჩევნო კამპანიისთვის, არამედ არჩევნების მეორე დღისთვის. მათ ცხრაჯერ, ათჯერ წააგეს უკვე არჩევნები და ყოველი წლის, ყოველი არჩევნების შემდეგ ცდილობდნენ ერთადერთს, როგორმე დესტაბილიზაციით, არეულობით დაბრუნებულიყვნენ ხელისუფლებაში. ეს განცხადება არის ჩვენი ხალხის, ჩვენი ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ და „ნაციონალური მოძრაობის“ ეს სამზადისი პირდაპირ ემუქრება საქართველოს მშვიდობიან მომავალს. ამ პოლიტიკური ძალის და მისი სატელიტების მხარდაჭერა ნიშნავს ერთადერთს, ისინი მოიტანენ რევოლუციას, შურისძიებას, არეულობას ქვეყანაში. საქართველოში მოხდება დესტაბილიზაცია, იმ მშვიდობის და უსაფრთხოების ხელყოფა, რომელიც დღეს გვაქვს. ჩვენ გვაქვს ჩვენი საზოგადოების იმედი და გვჭირდება თქვენი, მოქალაქეების მტკიცე მხარდაჭერა, რომ მომავალშიც ავიღოთ პასუხისმგებლობა ჩვენი ქვეყნის მშვიდობაზე, უსაფრთხოებაზე და მომავალშიც არ მივცეთ არავის საშუალება, არიოს ქვეყანა, პოლიტიკა და ჩვენი, თქვენი ოჯახების და შვილების მომავალი დააყენონ საფრთხის ქვეშ“, – განაცხადა თალაკვაძემ.

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილმა უფროსმა, თეიმურაზ ჯანაშიამ განაცხადა: „მიხეილ სააკაშვილს უნდა მიეცეს უფლება, მონაწილეობა მიიღოს პოლიტიკურ წინარევოლუციურ პროცესში“.