არჩილ თალაკვაძე - დღეს ჩვენ ვნახეთ რეალური, საქმიანი პროგრამა და გეგმები
არჩილ თალაკვაძე - დღეს ჩვენ ვნახეთ რეალური, საქმიანი პროგრამა და გეგმები

დღეს ჩვენ ვნახეთ რეალური, საქმიანი პროგრამა და გეგმები, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე სესიაზე განაცხადა, სადაც მთავრობის შემადგენლობისა და სამთავრობო პროგრამისთვის ნდობის გამოცხადებაზე უნდა იმსჯელონ.

როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, პრემიერ-მინისტრმა ბევრ მნიშვნელოვან საკითხსა და ინიციატივაზე ისაუბრა, მათ შორის პოლიციის სისტემურ განახლებაზე, რომელიც გულისხმობს ცოდნის, უნარებისა და ტექნოლოგიების განახლებას.

„ვნახეთ რეალური საქმიანი პროგრამა და გეგმები, რომლებზეც იყო არაერთი დისკუსია საპარლამენტო უმრავლესობის შიგნით. ჩვენ ვნახეთ გადასახადების დაწევის ინიციატივა მცირე და საშუალო ბიზნესისთვის. ჩვენ ვნახეთ ბაზრისა და წარმოების ინტეგრაციაზე თქვენი ძლიერი განაცხადი საერთაშორისო ბაზრებში, რაც რა თქმა უნდა, ექსპორტის ზრდას უკავშირდება და ჩვენ გვაქვს კიდეც ექსპორტის ზრდის დინამიკა, რაც უნდა შევინარჩუნოთ და გავაძლიეროთ. ჩვენ მოვისმინეთ ლოჯისტიკური პროექტების შესახებ, ჰაბებზე, რომელიც მართლა მნიშვნელოვანი ინიციატივაა და რომელზეც ეკონომიკის მინისტრი საუბრობდა საკომიტეტო მოსმენაზე.

საუბარი იყო პოლიციის სისტემურ განახლებაზე, სადაც ხდება ცოდნის, უნარებისა და ტექნოლოგიების განახლება, ეს არის სწორად დანახული რეფორმები დროსა და სივრცეში“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მისი თქმით, საპარლამენტო გუნდში განხილული ინიციატივები ზუსტად შეესაბამება იმ სულისკვეთებას, რითაც მამუკა ბახტაძე პარლამენტში მივიდა.

„კონკრეტული ინიციატივები, რომლებიც ჩვენს საპარლამენტო გუნდში იყო განხილული, ვფიქრობ, ზუსტად შეესაბამება იმ სულისკვეთებას, რომლითაც მამუკა ბახტაძე მოვიდა პარლამენტში, ეს არის სწრაფი, ეფექტური, გაბედული გადაწყვეტილებები, რომლებიც უფრო სწრაფად, არა ერთ ან სამ წელიწადში, არამედ თვეების განმავლობაში შეძლებს შეცვალოს ცხოვრება უკეთესობისკენ“, – განაცხადა თალაკვაძემ.