არჩილ თალაკვაძე - დღეს არის ის ისტორიული დღე, როდესაც საქართველოს ევროკავშირში წარმოადგენს ირაკლი კობახიძე, მას აქვს სრული კომპეტენცია, შემდგომ ნაბიჯებზე დიალოგი წარმართოს პარტნიორებთან
არჩილ თალაკვაძე - დღეს არის ის ისტორიული დღე, როდესაც საქართველოს ევროკავშირში წარმოადგენს ირაკლი კობახიძე, მას აქვს სრული კომპეტენცია, შემდგომ ნაბიჯებზე დიალოგი წარმართოს პარტნიორებთან

დღეს არის კიდევ ერთი პოზიტიური დღე საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში. გაიმართება ორმხრივ ფორმატში შეხვედრა, სადაც ევროკავშირი და საქართველო, რომელიც წარმოდგენილია პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის სახით, განიხილავს მომდევნო რეფორმებს, სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს, კონფლიქტების მშვიდობიანად დარეგულირების საკითხს და ასევე საქართველოს ინტეგრაციას ევროპულ ოჯახში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ეს შეხვედრა ემსახურება საქართველოს შემდგომ პროგრესს და წინსვლას ევროინტეგრაციისკენ.

„სწორედ ჩვენ ვართ ის ხელისუფლება, რომელმაც, საზოგადოების მხარდაჭერით, ქვეყანას მოუტანა ჯერ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება, თავისუფალი ვაჭრობა, უვიზო მიმოსვლა ევროკავშირთან, კანდიდატის სტატუსი და ახლა უკვე მოლაპარაკებების შემდეგი ფაზა იხსნება ბრიუსელში. ეს არის ის ისტორიული დღე, როდესაც საქართველოს წარმოადგენს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე. მას აქვს სრული პოლიტიკური მხარდაჭერა, ის სრულად არის ინფორმირებული, რა რეფორმები ჩაატარა ქვეყანამ, ასევე აქვს ხედვა და სრული კომპეტენცია, რათა შემდგომ ნაბიჯებზე დიალოგი წარმართოს პარტნიორებთან“, – აღნიშნა თალაკვაძემ.

ამასთან, მისივე თქმით, ბრიუსელში გაიმართება ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა, რომელზეც განიხილება საქართველოს უსაფრთხოების დაცვისა და განმტკიცების საკითხები, შემდგომი რეფორმები. თალაკვაძის განცხადებით, საქართველო  ნატო-ს ერთ-ერთი ყველაზე საიმედო პარტნიორია რეგიონში.

ირაკლი კობახიძე პრემიერ-მინისტრის რანგში პირველი ვიზიტით ბრიუსელში იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში საქართველოს მთავრობის მეთაური შეხვედრას გამართავს ნატო-ს გენერალურ მდივანთან, ასევე მონაწილეობას მიიღებს ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაში.