არჩილ თალაკვაძე - დევნა და მოსმენა არის ხატია დეკანოიძის პარტიის ნოუჰაუ, ხელწერა, როგორ შეიძლება, ეს სხვას დააბრალოს
არჩილ თალაკვაძე - დევნა და მოსმენა არის ხატია დეკანოიძის პარტიის ნოუჰაუ, ხელწერა, როგორ შეიძლება, ეს სხვას დააბრალოს

ჩვენ გვაქვს პოზიტიური საარჩევნო კამპანია, ვართ მომავალზე ორიენტირებული, ვხვდებით საზოგადოებას და ნამდვილად არ გვაქვს პოლიტიკური ინტერესი, რომ მოვუსმინოთ ხატია დეკანოიძეს, თუ რას ატყუებს ის საზოგადოებას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

მისივე შეფასებით, ხატია დეკანოიძეს ყურადღების მისაპყრობად ახლა სჭირდება, დაადანაშაულოს სახელმწიფო ინსტიტუტები, თითქოს მას უსმენენ და სდევნიან.

„რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ხატია დეკანოიძის საუბრით და მისი მოსმენით, მისი დაპირებების მოსმენით, მისი საჯარო კომუნიკაციით დაინტერესებული არიან მხოლოდ მისი მცირერიცხოვანი მხარდამჭერები, სხვას არ სცალია, რომ მას მოუსმინოს. ყველას აქვს თავისი საქმე. ჩვენ გვაქვს პოზიტიური საარჩევნო კამპანია, ვართ მომავალზე ორიენტირებული, ვხვდებით საზოგადოებას და ნამდვილად არ გვაქვს იმის პოლიტიკური ინტერესი, რომ მოვუსმინოთ ხატია დეკანოიძეს, თუ რას საუბრობს  და რას ატყუებს ის საზოგადოებას.

მესმის, რომ მას თავისი თავის აქტუალიზაციისთვის და ყურადღების მისაპყრობად ახლა სჭირდება, დაადანაშაულოს სახელმწიფო ინსტიტუტები, თითქოს მას უსმენენ და სდევნიან. ამ დროს დევნა და მოსმენა არის ზუსტად მისი პოლიტიკური პარტიის ნოუჰაუ, ხელწერა და როგორ შეიძლება, სხვას დააბრალოს ეს, როდესაც მისი პოლიტიკური პარტია პრაქტიკულად წლების განმავლობაში არჩევნების გაყალბებაზე, საზოგადოების ტერორზე, უკანონო მოსმენებზე, წამებაზე და არაადამიანურ მოპყრობაზე იდგა. თავისთავად, რა თქმა უნდა, ეს მისი მხრიდან არის ერთადერთი იაფფასიანი მანევრი, რომ მიიპყროს ყურადღება“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ მის ოფისში უცნობი პირი შეიპარა, რომელიც სავარაუდოდ მოსასმენი აპარატურის დამონტაჟებას აპირებდა.