არჩილ თალაკვაძე დიალოგის მონაწილე ელჩებს მადლობას უხდის
არჩილ თალაკვაძე დიალოგის მონაწილე ელჩებს მადლობას უხდის

საქართველოს პარლამენტის სახელით მადლობას ვუხდი ფასილიტატორ ელჩებს, დიპლომატიურ კორპუსს, რომელიც იყო ჩართული ამ დიალოგში, ამ მოლაპარაკებებში, ეს იყო უდაოდ ძალიან მნიშვნელოვანი შეთანხმება, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ საკონსტიტუციო ცვლილებების დამტკიცების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, „ქართულმა ოცნებამ“, ხელისუფლებამ დღეს პირობა ბოლომდე შეასრულა.

„მოგეხსენებათ, რომ მემორანდუმი, რომელსაც ჩვენ ხელი მოვაწერეთ, ზუსტად ითვალისწინებდა ამ პირობას, რომ ყველა მხარეს უნდა დაეჭირა მხარი საარჩევნო სისტემის ცვლილებისთვის. ეს ცვლილება განხორციელდა, შეთანხმება შესრულებულია ჩვენი მხრიდან და შეთანხმება შესრულებულია საქართველოს მიერ. დანარჩენი უკვე რჩება ისტორიის და საზოგადოების შეფასებისთვის.

ოპოზიციამ არ შეასრულა საჯაროდ მიცემული პირობა, თუმცა ჩვენ როგორც პასუხისმგებლიანმა პოლიტიკურმა პარტიამ, მმართველმა ძალამ ახალი ოპოზიციის პოლიტიკურ ჯგუფებთან ერთად მივიღეთ ეს ცვლილებები.

კიდევ ერთხელ მინდა, ყველა დეპუტატს მადლობა გადავუხადო, ვინც მხარი დაუჭირა ამ საკონსტიტუციო ცვლილებას. მზად ვართ დემოკრატიული არჩევნების ჩატარებისთვის და მზად ვართ, საქართველოს მომავალზეც ავიღოთ პასუხისმგებლობა“,- განაცხადა თალაკვაძემ.

117 ხმით საქართველოს პარლამენტმა საარჩევნო სისტემის შეცვლის მიზნით მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებები დაამტკიცა. წინააღმდეგ ხმა მისცა სამმა დეპუტატმა – ბიძინა გეგიძემ, კახა ოქრიაშვილმა და ალექსანდრე ერქვანიამ.

კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ „ნაციონალურ მოძრაობას“ და „ევროპულ საქართველოს“.

კონსტიტუციური პროექტის გათვალისწინებით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები შერეული სისტემით ჩატარდება – პარლამენტში აირჩევა 120 წევრი პროპორციული და 30 წევრი მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით.

დატოვე კომენტარი