არჩილ თალაკვაძე - დავით გარეჯზე აზერბაიჯანთან მოლაპარაკებების განახლებამდე, პასუხი უნდა გაეცეს, რატომ გამოიყენებოდა ის რუკები, რომლებიც საქართველოს ეროვნულ ინტერესებს ეწინააღმდეგება
არჩილ თალაკვაძე - დავით გარეჯზე აზერბაიჯანთან მოლაპარაკებების განახლებამდე, პასუხი უნდა გაეცეს, რატომ გამოიყენებოდა ის რუკები, რომლებიც საქართველოს ეროვნულ ინტერესებს ეწინააღმდეგება

პასუხი უნდა გაეცეს, ძალიან მძიმე შეკითხვას, რატომ მოხდა 1945 წელს და შემდგომ წლებში გამოცემული რუკების გამოყენება დელიმიტაცია-დემარკაციის პროცესში, მაშინ როდესაც ოფიციალურად შეთანხმებული 1938 წლის რუკა ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესებისთვის, ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის დაცვისთვის უფრო სამართლიან პირობებს ადგენდა, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ დავით გარეჯის საკითხზე მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს პროკურატურის მიერ დაწყებული გამოძიება და ამ გამოძიების ფარგლებში დადგენილი ახალი გარემოებები საქართველო-აზერბაიჯანის პარტნიორულ ურთიერთობებზე გავლენას ვერ მოახდენს.

„აზერბაიჯანი იყო, არის და იქნება ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი. ვერც გამოძიება და ვერც ამ გამოძიების ფარგლებში დადგენილი ახალი გარემოებები, რომლითაც ჩვენ ვეცდებით განვაგრძოთ მოლაპარაკებები და მივაღწიოთ პირველადი შეთანხმებების გადახედვას, ვერ მოახდენს გავლენას ჩვენს მეგობრულ ურთიერთობებზე. დაწყებული გამოძიება და სავარაუდო დანაშაული, რომელიც პროკურატურამ გააჟღერა ჩვენი შიდასახელმწიფოებრივი საქმეა და აქ არ შეიძლება და ვერც გვექნება ვერანაირი პრეტენზია აზერბაიჯანულ მხარესთან. ჯერ უნდა გავარკვიოთ, რა მოხდა ამ კომისიის ფარგლებში, პასუხი უნდა გაეცეს, იმ ძალიან მძიმე შეკითხვას, რატომ მოხდა 1945 წელს და შემდგომ წლებში გამოცემული რუკების გამოყენება დელიმიტაცია-დემარკაციის პროცესში, მაშინ როდესაც ოფიციალურად შეთანხმებული 1938 წლის რუკა ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესებისთვის, ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის დაცვისთვის უფრო სამართლიან პირობებს ადგენდა. ამას უნდა გაეცეს პასუხი, სანამ განვაგრძობთ მოლაპარაკებებს დავით გარეჯთან და ჩვენი საზღვრის დელიმიტაციასთან დაკავშირებით, რასკვირველია, ეს არ ეხება ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებს, ჩვენს სტრატეგიულ თანამშრომლობას აზერბაიჯანთან. აზერბაიჯანი იყო არის და მომავალშიც იქნება ჩვენი მეგობარი სახელმწიფო.

ახლადაღმოჩენილი გარემოებებით და გამოძიების ფარგლებში დადგენილი ფაქტებით ვეცდებით, განვაგრძოთ მოლაპარაკებები და მივაღწიოთ პირველადი შეთანხმების გადახედვას, რომელიც როგორც ირკვევა, ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგოდ იყო სავარაუდოდ მიღწეული“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.