არჩილ თალაკვაძე - დავით გარეჯის საკითხი არის სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის, სწორედ ამიტომ, მას განსაკუთრებული პასუხისმგებლობით ვეკიდებით
არჩილ თალაკვაძე - დავით გარეჯის საკითხი არის სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის, სწორედ ამიტომ, მას განსაკუთრებული პასუხისმგებლობით ვეკიდებით

დავით გარეჯის საკითხი სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საკითხია და სწორედ ამიტომ, ჩვენ ამას განსაკუთრებული პასუხისმგებლობით ვეკიდებით, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ პროკურატურის მიერ უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული მოქმედების ფაქტზე გამოძიების საკითხზე კომენტირებისას აღნიშნა.

„თუ წინა წლებში, მოლაპარაკებების რომელიმე ეტაპზე იკვეთება რაიმე სამართალდარღვევა, ან ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო გადაწყვეტილებები, რა საკვირველია, ვთვლით, რომ ეს უნდა იყოს გამოძიებული და ეს უნდა იცოდეს საზოგადოებამ.

მართალი გითხრათ, გაკვირვებული ვიყავი, როცა პირველად, ამაზე პოლიტიკური კომენტარები „ნაციონალური მოძრაობისა“ და ძველი ოპოზიციის მხრიდან მოვისმინე. გარკვეულწილად გამოჩნდა, რომ ამასთან დაკავშირებით თავის მართლება და პოლიტიკური კომენტარების გაკეთება დაიწყეს. ეს კითხვებს ბადებს, მათ ამ გამოძიების დაწყება ასე მწვავედ, თუ რატომ მიიღეს, როდესაც საქმე ეხება მართლაც სახელმწიფო მნიშვნელობის საკითხს, სადაც ყველა თანამოქალაქე, პარტიული კუთვნილების მიუხედავად ერთიან პოზიციაზე უნდა იყოს. დარწმუნებული ვარ, გამოძიების პროცესში ოპოზიცია პოლიტიკურ ჩარევას ვერ შეძლებს და ეს პროცესი იქნება სამართლებრივი, ობიექტური და დადგინდება, რეალურად, თუ რა მოხდა“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

საქართველოს პროკურატურამ გუშინ გაავრცელა განცხადება, რომ უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული მოქმედების ფაქტზე პროკურატურაში გამოძიება მიმდინარეობს. როგორც გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წერილობითი ინფორმაცია, რომელიც შეეხებოდა საქართველოს სახელმწიფო საზღვრების დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისიის საქმიანობას. როგორც პროკურატურაში აცხადებენ, თავდაცვის სამინისტროდან მიღებული ინფორმაციით, კომისიის მიერ საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის გარკვეული მონაკვეთები არამართლზომიერად, ქვეყნის ტერიტორიული ინტერესების საზიანოდ შეთანხმდა.

ამასთან, საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა 24 სექტემბერს აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა: დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებით ახალი კარტოგრაფიული მასალები და დოკუმენტები მოვიძიეთ, რამაც შესაძლოა, 2006-2007 წელს მიღწეული შეთანხმების გადახედვის აუცილებლობა გამოიწვიოს“.