არჩილ თალაკვაძე - დავით ჭიჭინაძეს ჩემს კაბინეტში მძიმე კითხვებზე მოუწევს პასუხის გაცემა
არჩილ თალაკვაძე - დავით ჭიჭინაძეს ჩემს კაბინეტში მძიმე კითხვებზე მოუწევს პასუხის გაცემა

ვინც შეურაცხყოფას აყენებს თანაგუნდელებს, გამართლება ვერ ექნება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

როგორც არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, მისთვის მიუღებელია დავით ჭიჭინაძის განცხადებები ირაკლი კობახიძის, გია ვოლსკისა და სხვა კოლეგების მისამართით.

„დავით ჭიჭინაძეს ჩემს კაბინეტში მძიმე კითხვებზე მოუწევს პასუხის გაცემა. ვინც შეურაცხყოფას აყენებს თანაგუნდელებს, გამართლება ვერ ექნება. ჩემთვის მიუღებელია მისი განცხადებები ირაკლი კობახიძის, გიორგი ვოლსკის და ჩვენი სხვა კოლეგების მიმართ”, – აღნიშნა თალაკვაძემ.

საპარლამენტო უმრავლესობაში დაპირისპირების დაწყების შემდეგ, დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ უმრავლესობის დეპუტატების ნაწილის მისამართით რამდენიმე განცხადება გააკეთა. მათ შორის მან დღეს გია ვოლსკისთან დაკავშირებით ისაუბრა. ჭიჭინაძემ კიპლინგის მაუგლი გაიხსენა და აღნიშნა, რომ ვოლსკი ვეღარ გრძნობს რა არის კორექტული და რა არა.

რაც შეეხება ირაკლი კობახიძესთან დაკავშირებით განცხადებას, ჭიჭინაძემ პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაყენების პროცედურის დაწყება არ გამორიცხა. ასევე მან ქცევის კოდექსის იდეა გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ქაღალდებით გამაგრება სუსტ ადამიანებს სჭირდებათ.