არჩილ თალაკვაძე - დარწმუნებული ვარ, ყველა ერთად შევძლებთ, 2020 წლის არჩევნებით მოქალაქეებს, საერთაშორისო პარტნიორებს კიდევ ერთხელ ვაჩვენოთ, რომ საქართველო აძლიერებს დემოკრატიას
არჩილ თალაკვაძე - დარწმუნებული ვარ, ყველა ერთად შევძლებთ, 2020 წლის არჩევნებით მოქალაქეებს, საერთაშორისო პარტნიორებს კიდევ ერთხელ ვაჩვენოთ, რომ საქართველო აძლიერებს დემოკრატიას

საქართველოს პარლამენტი ღირსეულად აგრძელებს ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ ტრადიციას, იცავს მათ მემკვიდრეობას და კანონის უზენაესობას. მოქალაქეებზე ორიენტირებული მმართველობის მშენებლობა არის ის ღირებულება, რომელსაც ჩვენ ყველა ვემსახურებით, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ დემოკრატიის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.

თალაკვაძის თქმით, საქართველოში განხორციელდა ფუნდამენტური დემოკრატიული ცვლილებები, მათ შორის საკონსტიტუციო რეფორმა და შეიცვალა საარჩევნო სისტემა.

„15 სექტემბერი დემოკრატიის საერთაშორისო დღეა. მოგეხსენებათ, ჩვენ პატივს ვცემთ იმ თაობათა ძალისხმევას, ვინც წვლილი შეიტანა ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაში. საქართველოს პარლამენტი ღირსეულად აგრძელებს ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ ტრადიციას, იცავს მათ მემკვიდრეობას და კანონის უზენაესობას.

მოქალაქეებზე ორიენტირებული და მათ წინაშე ანგარიშვალდებული მმართველობის მშენებლობა არის ის ღირებულებები, რომელსაც ჩვენ ყველა ვემსახურებით. კოლეგებო, თქვენი მონაწილეობით, ჩვენ განვახორციელეთ ფუნდამენტური დემოკრატიული ცვლილებები, მათ შორის საკონსტიტუციო რეფორმა, შევცვალეთ საარჩევნო სისტემა, პირველად უახლეს ისტორიაში საქართველო არჩევნებს ატარებს არსებითად პროპორციული სისტემით და 2024 წლიდან უკვე სრულად პროპორციული სისტემით.

ჩვენ რა თქმა უნდა ვაგრძელებთ ქვეყნის დემოკრატიზაციის პროცესს ჩვენს საზოგადოებასთან, ჩვენს საერთაშორისო მეგობრებთან და პარტნიორებთან ერთდ და 15 სექტემბერს, დემოკრატიის საერთაშორისო დღეს, მინდა, კიდევ ერთხელ მოკლედ შევაჯამო და ხაზი გავუსვა ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ მიღწევებს.

ასევე, დღის წესრიგში არის არაერთი საკითხი, გამოწვევები და საქმე, რომლის წარმატებით დასრულება მეტად მნიშვნელოვანია. მე დარწმუნებული ვარ, რომ ყველა ერთად შევძლებთ, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებით კიდევ ერთხელ ვაჩვენოთ ჩვენს თანამოქალაქეებს, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, რომ საქართველო აძლიერებს თავის დემოკრატიას და დემოკრატიული ღირებულებების ერთგულია. ამ საქმიანობაში ყველას წარმატებას გისურვებთ“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.