არჩილ თალაკვაძე - დარწმუნებული ვარ, ტრანზაქციებზე ყველა დეტალი გაირკვევა, მიუღებელია ოპოზიციის მცდელობა, ეს თემა მიაბან სანქციების საკითხს და დაუკავშირონ აშშ-ს
არჩილ თალაკვაძე - დარწმუნებული ვარ, ტრანზაქციებზე ყველა დეტალი გაირკვევა, მიუღებელია ოპოზიციის მცდელობა, ეს თემა მიაბან სანქციების საკითხს და დაუკავშირონ აშშ-ს

პარლამენტის ვიცე-სპიკერი არჩილ თალაკვაძე ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით აცხადებს, რომ დარწმუნებულია, გაირკვევა ყველა დეტალი, რომელიც ტრანზაქციებს ეხება.

მისივე თქმით, მიუღებელია ოპოზიციისა და მასთან დაკავშირებული ჯგუფების მცდელობა, ეს თემა სანქციების საკითხს მიაბან და შეერთებულ შტატებს დაუკავშირონ.

„ბიძინა ივანიშვილი გასულია პოლიტიკიდან, ის არის ფილანთროპი, თავისუფალი ადამიანი, საქართველოს მოქალაქე. ბუნებრივია, მასთან დაკავშირებულ საკითხებს განსაკუთრებულ ყურადღებას მივაქცევთ, რადგან არის საქართველოს მოქალაქე და ქვეყნის წინაშე ბევრი და მნიშვნელოვანი დამსახურება აქვს. დარწმუნებული ვარ, გაირკვევა ყველა დეტალი, რომელიც ტრანზაქციებს უკავშირდება. ბიძინა ივანიშვილს ამ ბანკთან ჰქონდა დავა, რომელიც საერთაშორისო სასამართლოში მოიგო და დადასტურდა, რომ ამ ბანკმა მისი უფლებები დაარღვია. დარწმუნებული ვარ, უახლოეს მომავალში ნათელი მოეფინება, რასთან გვაქვს საქმე და რატომ მოხდა ამ ტრანზაქციების შეფერხება.

რაც შეეხება ოპოზიციის და მასთან დაკავშირებული ჯგუფების მცდელობას, რომ ეს საკითხი რაღაცნაირად გადათარგმნონ, სანქციების საკითხს მიაბან და დაუკავშირონ შეერთებულ შტატებს, ჩემთვის ეს მიუღებელი და დაუჯერებელია, რადგან ამერიკა არის საქართველოს ნომერ პირველი სტრატეგიული პარტნიორი და „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან ეს სპეკულაციები ახალი არ არის. ისინი არაერთხელ დაესხნენ თავს ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენლებს, მათ შორის ელჩს, ევროკავშირის ელჩებს, მათი ანტიდასავლური პოლიტიკა არის მათი ხელწერა“, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

ცნობისთვის, ბიძინა ივანიშვილის ადვოკატმა, იურიდიული ფირმა „ემ ქეი დის“ უფროსმა პარტნიორმა ვიქტორ ყიფიანმა „კრედიტ სუისის“ საბანკო ჯგუფის მიმართ დავის შესახებ განცხადება გაავრცელა.