არჩილ თალაკვაძე - დარწმუნებული ვარ, პრემიერის ხელმძღვანელობით საკოორდინაციო საბჭო მომავალშიც მიიღებს ოპტიმალურ გადაწყვეტილებებს
არჩილ თალაკვაძე - დარწმუნებული ვარ, პრემიერის ხელმძღვანელობით საკოორდინაციო საბჭო მომავალშიც მიიღებს ოპტიმალურ გადაწყვეტილებებს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, საკოორდინაციო საბჭო მუდმივად განიხილავს უახლეს ეპიდემიოლოგიურ მონაცემებს და იყენებს სხვადასხვა რეგულაციას, რომელიც პირველ რიგში ადამიანების ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაცვაზე არის ორიენტირებული.

თალაკვაძის თქმით, დარწმუნებულია, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით საბჭო მომავალშიც მიიღებს იმ ოპტიმალურ გადაწყვეტილებებს, რომლებიც საზოგადოებრივი ჯანდაცვის და ეკონომიკის დაცვის ინტერესებს შორის ოქროს შუალედში იქნება.

„მოგეხსენებათ და საზოგადოებამ კარგად იცის, რომ საკოორდინაციო საბჭოს სხდომები რეგულარულად იმართება, საბჭო მუდმივად განიხილავს უახლეს ეპიდემიოლოგიურ მონაცემებს და ამ მონაცემებთან მიმართებაში იყენებს სხვადასხვა რეგულაციას, რომლებიც ისევ და ისევ ორიენტირებულია პირველ რიგში ადამიანების ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დასაცავად.

ასევე, გარწმუნებთ, რომ ჩვენ გვქონდა მსჯელობა ყველა იმ ღონისძიებაზე, რომელიც ამ პერიოდში გამოიყენება. დარწმუნებული ვარ, რომ პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით საბჭო მომავალშიც მიიღებს იმ ოპტიმალურ გადაწყვეტილებებს, რომლებიც ოქროს შუალედში იქნება საზოგადოებრივი ჯანდაცვის და ეკონომიკის დაცვის ინტერესებს შორის. რა თქმა უნდა, ჩვენ ხვალაც ვიმსჯელებთ ყველა ამ მნიშვნელოვან საკითხზე და საზოგადოებას უკვე საბჭო აცნობებს შესაბამის გადაწყვეტილებებს“, – განაცხადა თალაკვაძემ.

აღნიშნული განცხადებით არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე უპასუხა დეპუტატ ბექა ოდიშარიას, რომელმაც ტრანსპორტთან დაკავშირებულ პრობლემებზე ისაუბრა.

„მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და ალბათ თბილისის მაჟორიტარების სახელით, ისევე როგორც თითოეული პარლამენტის წევრის სახელით, საზოგადოებას ვუთხრა, რომ თითოეული თქვენი გზავნილი, რა ფორმატშიც არ უნდა იყოს, არის ჩვენ მიერ განხილული და გათვალისწინებული.

სწორედ ამიტომ, ვსარგებლობ რა ჩემი კოლეგების მხარდაჭერით, ბატონო თავმჯდომარევ, თქვენ და მმართველი გუნდის ლიდერებს მინდა, მივმართო, იქნებ გაჟღერდეს წინადადება, ყველაზე მნიშვნელოვნად ამ პერიოდში გამოიკვეთა ტრანსპორტთან დაკავშირებული პრობლემები. ყველას კარგად მოეხსენება, რომ გასულ 4 წელიწადში მერიას ჰქონდა ძალიან წარმატებული სატრანსპორტო პოლიტიკა. განსაკუთრებით იქ, სადაც მეტრო არ უდგება, შეიძლება, ჩემთვის სუბიექტური იყოს ეს საკითხი, მაგალითად,  როცა ფონიჭალაში არასოდეს ყოფილა ტრანსპორტით უზრუნველყოფა იმ ხარისხით და ოდენობით, როგორც ჩვენ მოვახერხეთ პანდემიამდე, ძალიან დასანანია, რომ ადამიანებს საერთოდ შეეზღუდათ გადაადგილების საშუალება.

რა თქმა უნდა, ჩვენ პირველ რიგში ვითვალისწინებთ ეპიდემიოლოგების, ექსპერტების, ჯანდაცვის მუშაკების აზრს, თუმცა საბოლოოდ ჩვენი მიზანი არის ხალხის კეთილდღეობა და ალბათ ამ პინებს შორის უნდა ვიპოვოთ ტოლობის ნიშანი. იმედი მაქვს, რომ ეს საკითხი დადგება და იქნება განხილული“, – განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

ამასთან, ბექა ოდიშარიას თქმით, მიესალმება პარლამენტის წევრების, მათ შორის პარლამენტის თავმჯდომარის, უმრავლესობის, ფრაქციის ლიდერების და ცალკეული კომიტეტების თავმჯდომარეების მთავრობის მიერ დაფუძნებულ საკოორდინაციო საბჭოში ჩართულობას.

„ალბათ დღეს ეს ყველაზე აქტუალური პოლიტიკური და სოციალური საკითხია. ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენი ხმა ისმოდეს ამ საკოორდინაციო საბჭოზე, რაც მთავარია, ის დისკუსიები, რომელსაც ჩვენ ვაწარმოებთ დახურულ კარს მიღმა, რათა არ მივცეთ მავანს და მავანს ინსინუაციების საშუალება, მათ შორის არ გავაჩინოთ ფუჭი მოლოდინები. მინდა, საზოგადოებამ იცოდეს, რომ პარლამენტი მუდმივად არის ამ დისკუსიაში ჩართული.

მათ შორის ხვალ იგეგმება გაფართოებული სხდომა და დაესწრებიან კომიტეტების თავმჯდომარეები. მაშინ, როდესაც იყო პირველი ტალღა, დამანგრეველი მსოფლიოში, როცა დიასპორას სჭირდებოდა, მეც არაერთხელ მქონდა ამ საკოორდინაციო საბჭოში ჩართულობის საშუალება, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო“, – აღნიშნა ბექა ოდიშარიამ.