არჩილ თალაკვაძე - დამნაშავეებმა, რომლებიც არახამიამ და მისმა მეგობრებმა უკრაინის წარმომადგენლებად შეარჩიეს, რა სიკეთე უნდა მოუტანონ უკრაინას, როცა საკუთარ ქვეყანას მხოლოდ უბედურება მოუტანეს
არჩილ თალაკვაძე - დამნაშავეებმა, რომლებიც არახამიამ და მისმა მეგობრებმა უკრაინის წარმომადგენლებად შეარჩიეს, რა სიკეთე უნდა მოუტანონ უკრაინას, როცა საკუთარ ქვეყანას მხოლოდ უბედურება მოუტანეს

საქართველოს მიერ გასამართლებულმა დამნაშავეებმა, რომლებიც არახამიამ და მისმა მეგობრებმა არაერთ საერთაშორისო ფორმატში უკრაინის წარმომადგენლებად შეარჩიეს, რა სიკეთე უნდა მოუტანონ უკრაინას, როცა საკუთარ ქვეყანას მხოლოდ უბედურება მოუტანეს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

თალაკვაძის თქმით, ქართული მხარე სვამს კითხვას: რა არის მოტივაცია და რა ინტერესები დგას ამ გადაწყვეტილებების უკან?

„უკრაინაში ყველას გვყავს კარგი მეგობრები, ნაცნობები და არახამიას განცხადებები აბსოლუტურად აცილებულია უკრაინელი ხალხის და უკრაინის საზოგადოების განწყობებს, მათ დამოკიდებულებას საქართველოსთან და ქართველებთან მიმართებით. საქართველო ყველაფერს აკეთებს, რაც შეუძლია უკრაინის მხარდასაჭერად, ხოლო არახამია და პოლიტიკოსების ის ჯგუფი, რომლებიც საქართველოს მიმართ უსამართლო, აგრესიული განცხადებებით გამოირჩევიან, გამოხატავენ ისეთ პოზიციას, რომელიც არც ჩვენი ქვეყნების და არც ჩვენი ხალხების მეგობრობას არ შეესაბამება. ახლა, როდესაც უკრაინა მძიმე ომშია, იცავს თავისუფლებას, სუვერენიტეტს და საკუთარ ტერიტორიებს, არ ვაპირებთ, უფრო მეტად შევიდეთ ამ საკითხის გარჩევაში და მეტი შეფასება გავაკეთოთ. პირიქით, კიდევ ერთხელ გამოვხატავთ ჩვენი მხრიდან სრულ მხარდაჭერას, სოლიდარობას უკრაინელი ხალხისა და უკრაინის მიმართ.

რაც შეეხება ზურაბ ადეიშვილს, მიხეილ სააკაშვილს და საქართველოს მიერ გასამართლებულ სხვა დამნაშავეებს, რომლებიც რატომღაც, უკრაინის საზოგადოებისთვის გაუგებარი ინტერესების გამო, დავით არახამიამ და მისმა მეგობრებმა შეარჩიეს არაერთ საერთაშორისო ფორმატში და თანამდებობაზე უკრაინის წარმომადგენლებად, ამ ადამიანებმა რა შედეგი და სიკეთე უნდა მოუტანონ უკრაინას, როდესაც საკუთარ ქვეყანას წლების განმავლობაში მხოლოდ უბედურება, ადამიანის უფლებების დარღვევა, საქართველოს საერთაშორისო რეპუტაციის და ავტორიტეტის უკიდურესი დაზიანება მოუტანეს.

ჩვენ პირდაპირ ვსვამთ კითხვას: რა არის მოტივაცია და რა ინტერესები დგას ამ გადაწყვეტილებების უკან? დღემდე ერთი არგუმენტიც არ ყოფილა წარმოდგენილი სანქციების გვერდის ავლასთან დაკავშირებით. პირიქით, როდესაც საქართველოში სანქციების საერთაშორისო ჯგუფის ხელმძღვანელები იყვნენ ჩამოსული, მათ გახსნილი ჰქონდათ ჩვენი მხრიდან ყველა ინფორმაცია. ამ მონაცემებზე დაყრდნობით თქვეს, რომ საქართველო ზედმიწევნით იცავს წესებს, ასრულებს იმ პირობებს, რომლებიც აკავშირებს საერთაშორისო საზოგადოებასთან. განცხადებების სერია, თითქოს საქართველო რაიმე სანქციას არღვევს, ეკუთვნის ერთადერთ ხაზს, რომელსაც ავითარებს „ნაციონალური მოძრაობა“ და მათი ლობისტური ჯგუფი საზღვარგარეთ“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

უკრაინის რადას ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარე დავით არახამია საქართველოს მთავრობის განცხადებას გამოეხმაურა. როგორც არახამია აღნიშნავს: „დაგვიბრუნდეს მიხეილ სააკაშვილი, შეწყდეს ფრენები რუსეთთან, აგრესორის დახმარება სანქციების გვერდის ავლაში, მაშინ ურთიერთობების ნორმალიზებაც მარტივად მოხდება“.

ამასთან, საქართველოს მთავრობამ გუშინ გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ ურთიერთობების მოსაწესრიგებლად მნიშვნელოვანი და აუცილებელია, უკრაინის ხელისუფლებამ საქართველოს გადასცეს დამნაშავეები, რომლებიც დღეს უკრაინის ხელისუფლებაში მაღალ თანამდებობებს იკავებენ. „ვიმედოვნებთ, უკრაინის ხელისუფლება გადახედავს გადაწყვეტილებებს, რომლებიც უხეშად ეწინააღმდეგება მეგობრულ სულისკვეთებას საქართველოსა და უკრაინას შორის“, – აღნიშნულია განცხადებაში.