არჩილ თალაკვაძე - ჩვენთვის ხელმისაწვდომი ჯანდაცვა არის ერთ-ერთ პოლიტიკური პრიორიტეტი
არჩილ თალაკვაძე - ჩვენთვის ხელმისაწვდომი ჯანდაცვა არის ერთ-ერთ პოლიტიკური პრიორიტეტი

ჩვენთვის ხელმისაწვდომი ჯანდაცვა არის ერთ-ერთ პოლიტიკური პრიორიტეტი 2012 წლიდან, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ მთავრობის 520-ე დადგენილებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომელიც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული კლინიკებისთვის ტარიფის გათანაბრებას ეხება.

„ეს არის ძალიან საინტერესო საკითხი. როგორც იცით საუბარია ე.წ დიარჯის სისტემის შემოღებაზე. „დიარჯის“ სისტემა არის დიაგნოზებთან დაკავშირებული სატარიფო პოლიტიკის შემოღება, რაც პრინციპში აპრობირებულია ბევრ განვითარებულ ქვეყანაში. ეს არის სწორი მოდელი, რაც შეეხება მის დანერგვას, მე მივესალმები კომუნიკაციას სამინისტროსა და კერძო სექტორს შორის, სექტორის მოსაზრებები არის მნიშვნელოვანი. ასევე მნიშვნელოვანია, რომ მათი პოზიციები იყოს გათვალისწინებული რეფორმის განხორციელების პროცესში და რაც მთავარია, ეს გაკეთდეს ისე, რომ სამედიცინო სექტორს, კერძო კომპანიებს მიეცეთ ამ სისტემასთან სრული ადაპტაციის შესაძლებლობა. ჩვენთვის ხელმისაწვდომი ჯანდაცვა არის ერთ-ერთ პოლიტიკური პრიორიტეტი 2012 წლიდან“,- განაცხადა თალაკვაძემ.

მისივე თქმით, რეფორმის განხორციელების საკითხში ჯანდაცვის სამინისტროს პარლამენტის პოლიტიკური მხარდაჭერა აქვს.

„რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ექვს მილიონზე მეტი შემთხვევა დაფინანსდა უკვე. შეიძლება ეს არ არის ამდენივე ადამიანი, მაგრამ ეს არის 6 მილიონი სამედიცინო შემთხვევა, რომელზეც სახელმწიფომ გამოყო დაფინანსება და დაეხმარა ჩვენს მოქალაქეებს. ეს პრიორიტეტი შენარჩუნდება მომავალშიც და მნიშვნელოვანია, რომ რეფორმები ამ მიღწევების საზოგადოებასთან კიდევ უფრო ეფექტურად განხორციელებისთვის გატარდეს. ჯანდაცვის სამინისტროს აქვს ჩვენი პოლიტიკური მხარდაჭერა. კომიტეტი აქტიურად იმუშავებს სამინისტროსთან და სამედიცინო სექტორთან, რომ მაქსიმალური შეთანხმება მოხდეს“,- განაცხადა თალაკვაძემ.