არჩილ თალაკვაძე - ხაზგასმით მინდა ვთქვა, ჩვენი პოლიტიკური გუნდის მხრიდან საზოგადოებრივი მაუწყებლის რეფორმას აქვს მხარდაჭერა

ხაზგასმით მინდა ვთქვა, ჩვენი პოლიტიკური გუნდის მხრიდან საზოგადოებრივი მაუწყებლის რეფორმას აქვს მხარდაჭერა – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, როდესაც საუბარია სარედაქციო პოლიტიკის მართვაზე, ტექნიკურ გადაიარაღებასა და კაპიტალურ ინვესტიციებზე, რაც ნამდვილად სჭირდება სამაუწყებლო საშუალებას, ეს არის ზუსტად იმ ზოგადი ტერმინების კონკრეტული განხორციელების გზები.

„კიდევ ერთხელ მინდა, ხაზგასმით ვთქვა, რომ ჩვენგან, ჩვენი პოლიტიკური გუნდის მხრიდან საზოგადოებრივი მაუწყებლის რეფორმას აქვს მხარდაჭერა, იმ იდეას, რომ საზოგადოების მიერ დაფინანსებული, ჩვენი გადასახადებით დაფინანსებული მაუწყებელი უნდა იყოს თანამედროვე, დამოუკიდებელი, ეფექტური და ზუსტად, როდესაც საუბარია შესყიდვების მექანიზმზე, როდესაც საუბარია სარედაქციო პოლიტიკის მართვაზე, ტექნიკურ გადაიარაღებაზე და კაპიტალურ ინვესტიციებზე, რაც სჭირდება ამ სამაუწყებლო საშუალებას, ეს არის ზუსტად იმ ზოგადი ტერმინების კონკრეტული განხორციელების გზები. ამ საკითხების დარეგულირებისა და მოგვარების გარეშე, რა თქმა უნდა, საზოგადოებრივი მაუწყებელი ვერ გახდება უფრო თანამედროვე, უფრო სწრაფი, სანდო და რეიტინგული სამაუწყებლო საშუალება. რა თქმა უნდა, ჩვენ უმრავლესობის შიგნით კიდევ გვექნება დეტალური განხილვა“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.