არჩილ თალაკვაძე - ჩვენი პირობა ძალაშია, მხარს ვუჭერთ საკონსტიტუციო ცვლილებებს, ამას დავაფიქსირებთ ძალიან მალე, ივნისის მეორე ნახევარში
არჩილ თალაკვაძე - ჩვენი პირობა ძალაშია, მხარს ვუჭერთ საკონსტიტუციო ცვლილებებს, ამას დავაფიქსირებთ ძალიან მალე, ივნისის მეორე ნახევარში

ჩვენი პირობა ძალაშია, რასაკვირველია, მხარს ვუჭერთ საკონსტიტუციო ცვლილებებს და ამას დავაფიქსირებთ კენჭისრყით უკვე ძალიან მალე, ივნისის მეორე ნახევარში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ საქართველოს პირველი არხის ეთერში, კონსტიტუციის საერთო-სახალხო განხილვისას განაცხადა.

თალაკვაძის თქმით, თუ ამ ცვლილებებს არ ექნება ოპოზიციის მხარდაჭერა იმ თანაფარდობით მაინც, რომ მინიმუმ უმრავლესობამ უზრუნველყოს საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის საკმარისი ხმების რაოდენობა, პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ ცვლილებებს საფრთხე ემუქრება.

„ამ შემთხვევაში, როგორც ხედავთ, პოლიტიკური სპექტრი ჩვენ გვაკისრებდა პასუხისმგებლობას, როდესაც ვადის გადმოწევის ინიციატივა ჩავარდა და ეს ვადის გადმოწევის ინიციატივა, საჯარო კომუნიკაციაში გაუთანაბრეს კიდეც პროპორციულ არჩევნებს. ამბობდნენ, რომ პროპორციული არჩევნები ჩავარდაო. სინამდვილეში კი, პროპორციული არჩევნების შესახებ ჩვენ მიერ ჩაწერილია კონსტიტუციაში და რაც ჩავარდა, ეს იყო ვადის გადმოწევის ინიციატივა. ახლა რა მოხდება, თუ ოპოზიცია გააკეთებს იგივეს და ჩააგდებს ამ ცვლილებებს, მგონი, ეს საზოგადოების განსასჯელია, რადგან პასუხისმგებლობები კენჭისყრის ოქმზე, ძალიან მკაფიოდ გამოიკვეთება. იქ სახელობითად ჩანს, ვინ დაუჭირა მხარი და ვინ არა. იქ ასევე ჩანს, ვინ რომელი პარტიის წევრია. თუ ოპოზიცია გააკეთებს ამის ბლოკირებას და ჩააგდებს, ვფიქრობ, რომ წინასწარ ამაზე კიდევ ბევრი დაფიქრება სჭირდება. თუ რომელიმე პარტია ფიქრობს ამის გაკეთებას, ეს იქნება ძალიან ცუდი, მაგრამ პასუხისმგებლობა იქნება იმ სუბიექტის, ვინც მხარს არ დაუჭერს“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.