არჩილ თალაკვაძე - ჩვენ, როგორც დემოკრატიულმა პოლიტიკურმა ძალამ, გავითვალისწინეთ განწყობები და მივიღეთ გადაწყვეტილება, პროპორციული არჩევნები 2020 წელს ჩავატაროთ ნულოვანი ბარიერით
არჩილ თალაკვაძე - ჩვენ, როგორც დემოკრატიულმა პოლიტიკურმა ძალამ, გავითვალისწინეთ განწყობები და მივიღეთ გადაწყვეტილება, პროპორციული არჩევნები 2020 წელს ჩავატაროთ ნულოვანი ბარიერით

„ქართულმა ოცნებამ“ განახორციელა საკონსტიტუციო რეფორმა და დღეს საქართველოს აქვს ეროვნულ ღირებულებებზე დაფუძნებული, ევროპული სტილის კონსტიტუცია, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის გრძელვადიან განვითარებას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ რუსთავში, საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვისას განაცხადა.

როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, ახალი კონსტიტუცია მიჯნავს უფლებამოსილებებს ხელისუფლების შტოებს შორის, რომელიც იძლევა უფრო ძლიერ, მყარ გარანტიებს ადამიანის უფლებათა დასაცავად და  არის მოწოდებული, რომ ქვეყანას მომავალში ჰქონდეს სტაბილური დემოკრატიული განვითარების შესაძლებლობა.

„წინა ხელისუფლებამ არაერთხელ შეცვალა კონსტიტუცია და მოარგო თავის საჭიროებებს, მაგრამ ჩვენ დღეს გვაქვს კონსტიტუცია, რომელიც რეალურად ქვეყნის ინტერესებზეა მორგებული და მისი შეცვლაც მომავალში ხშირად შესაძლებელი ვეღარ იქნება, ვინაიდან სჭირდება მაღალი კვორუმი. ახლა გვაქვს შანსი, გარდამავალ დებულებაში შევიტანოთ ცვლილება პროპორციული არჩევნების თარიღთან დაკავშირებით, ხაზს ვუსვამ თარიღთან დაკავშირებით, რადგან სწორედ ერთი წლის წინ, როდესაც შევცვალეთ კონსტიტუცია მაშინვე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ საქართველო გადავიდოდა პროპორციული არჩევნების სისტემაზე. ამისთვის იყო განსაზღვრული 2024 წელი, ანუ ჩვენ ვთვლიდით, რომ 2024 წელს უნდა მომხდარიყო პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა, ჩვენ გვქონდა არგუმენტები. ეს არგუმენტები დღესაც არსებობს, თუმცა თქვენი მოთხოვნით, ჩვენი ახალგაზრდების გულწრფელი პროტესტის შედეგად, სამოქალაქო საზოგადოების აზრის გათვალისწინებით, პოლიტიკური ოპოზიციის მოთხოვნით, ჩვენ, როგორც დემოკრატიულმა პოლიტიკურმა ძალამ, გავითვალისწინეთ ეს განწყობები და მივიღეთ დემოკრატიული გადაწყვეტილება – პროპორციული არჩევნები 2020 წელს ჩავატაროთ ნულოვანი ბარიერით“,- აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ .

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ეს კიდევ უფრო მეტ შანსს აძლევს ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს, მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა, მოიპოვონ მხარდაჭერა და მოიპოვონ მანდატები საქართველოს პარლამენტში.

„ეს არ არის ყველაფერი, რის შეცვლასაც ვგეგმავთ, ჩვენ ასევე გვაქვს მიმდინარე პოლიტიკური კონსულტაციები ოპოზიციასთან, სადაც ოპოზიციამ იცის, რომ კიდევ მნიშვნელოვანი საკითხების შეცვლაზე ვმსჯელობთ. ეს არის პარტიების დაფინანსების სისტემა, რომ თქვენი გადასახადები, რომელიც დღესაც პარტიების დაფინანსებას გულისხმობს, ბიუჯეტიდან მომავალში იყოს უფრო გამჭვირვალე, უფრო სამართლიანად და ლოგიკურად დახარჯული, რომ პოლიტიკური პარტიები ფურცელზე არ იყვნენ დარეგისტრირებული. 400-მდე პარტია არის საქართველოში რეგისტრირებული და მხოლოდ 10 ან 15 პოლიტიკური პარტიის შესახებ გსმენიათ. რეალურმა პოლიტიკურმა პარტიებმა უნდა აკეთონ საქართველოში პოლიტიკა და რაც მთავარია, ამ პარტიებს ჰქონდეთ მხარდაჭერა მოქალაქეების მხრიდან. ვფიქრობ, ეს არის ლეგიტიმური მიზანი“, – განცხადა არჩილ თალაკვაძემ რუსთავში.