არჩილ თალაკვაძე - ვიმედოვნებთ, სოხუმში პროცესები მშვიდობიანი იქნება და უფრო მეტად არ დაარღვევს ადამიანების ინტერესებს
არჩილ თალაკვაძე - ვიმედოვნებთ, სოხუმში პროცესები მშვიდობიანი იქნება და უფრო მეტად არ დაარღვევს ადამიანების ინტერესებს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე სოხუმში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით აცხადებს, რომ იმედი აქვს, პროცესები მშვიდობიან ფარგლებს არ გასცდება.

თალაკვაძის თქმით, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების უპირველესი ინტერესი სწორედ ადამიანების უსაფრთხოება და მშვიდობაა.

„უპირველეს ყოვლისა, ჩვენ დაინტერესებული ვართ ადამიანების უსაფრთხოებითა და მშვიდობით. იმედი გვაქვს, პროცესები, რომლებიც იქ ვითარდება, იქნება მშვიდობიანი და კიდევ უფრო მეტად არ დაარღვევს ადამიანის ინტერესებსა და უსაფრთხოებას. რა თქმა უნდა, ე.წ. არჩევნები, მოლაპარაკებები, ეს ყველაფერი არის ,„ეგრეთ წოდებული“. რაც  არ უნდა განცხადებები მოვისმინოთ, ეს ყველაფერი საქართველოს კანონმდებლობის, საერთაშორისო სამართლის მიღმა დგას“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განმარტებით, განვითარებულმა მოვლენებმა აჩვენა, რომ ე.წ. მმართველობას ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ადამიანებისთვის კეთილდღეობა არ მოაქვს.

„სამწუხაროა, ამ მოვლენებმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ პროცესები იქ არასწორი მიმართულებით მიდის და ამ ე.წ. მმართველობას არ მოაქვს ადამიანებისთვის უკეთესი ცხოვრება, კეთილდღეობა. ამის გაკეთება მხოლოდ ჩვენ შეგვიძლია ერთად, ამის გაკეთება შეუძლია საქართველოსა და მის ხელისუფლებას. ამიტომ, რა თქმა უნდა, რაიმე ოფიციალური კომენტარის და ახალი შეთავაზების გაკეთება ჩვენი მხრიდან არ იქნება გარდა ერთისა, ეს არის ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ. შეთავაზება გაკეთებულია და ამ პროგრამის თანახმად, ყველა ადამიანს, ვინც ცხოვრობს აფხაზეთში და სამაჩაბლოში ვთავაზობთ, რომ მათ ისარგებლონ ჯანდაცვით, სოციალური სერვისებით, განათლების სისტემით, საერთაშორისო მოგზაურობითა და ბიზნესის შესაძლებლობით, მათ შორის ბიზნეს-ინიციატივების დაფინანსებით. ეს არის ჩვენი შეთავაზება, ჩვენი ნაბიჯი გაერთიანებისკენ, უკეთესი მომავლისკენ, თანაც ამისთვის ჩვენ არანაირი წინაპირობა არ დაგვიყენებია. კიდევ ერთხელ ვამბობ, პასუხი, რომელიც ჩვენ მოვისმინეთ დეფაქტო ხელისუფლების მხრიდან, ეს არ არის პასუხი, რომელიც იქ მცხოვრებ ადამიანებს რეალურად აქვთ. მათ სურთ ამ ყველაფრის გამოყენება. სამწუხაროდ, დეფაქტო რეჟიმი და რუსეთის ფედერაცია აქამდე ხელს უშლიდა ამ ყველაფერს“, –  განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.