არჩილ თალაკვაძე - ჩვენ ბოლომდე მივადევნებთ თვალს, რომ  მხარეების ინტერესები, ასევე მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის უფლებები იყოს დაცული
არჩილ თალაკვაძე - ჩვენ ბოლომდე მივადევნებთ თვალს, რომ  მხარეების ინტერესები, ასევე მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის უფლებები იყოს დაცული

ვფიქრობ, მთავარია საქმე ამოიწუროს და გაეცეს პასუხები იმ კითხვებს, რომელიც ამ საქმეში არსებობს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ განაცხადა გენერალური პროკურატურის მიერ მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის ბრალდების შესახებ დადგენილების გამოტანაზე.

თალაკვაძის თქმით, პარლამენტი ბოლომდე მიადევნებს თვალს, რომ მხარეების ინტერესი იყოს დაცული.

„არაერთი საჯარო დისკუსია იყო ამასთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, ჩვენ ბოლომდე ყურადღებით მივადევნებთ თვალს, რომ როგორც მხარეების ინტერესები, ისე თავად ამ ბატონების უფლებები იყოს დაცული, რომელიც მათ კონსტიტუციით და კანონით აქვთ მინიჭებული. ასევე ყურადღებით მივადევნებთ თვალს, რომ საზოგადოება იყოს ინფორმირებული ამ საქმესთან დაკავშირებით და ყველა კითხვა თუ პოზიცია, რომელიც საქმესთან დაკავშირებით გაჟღერდა, იყოს ცნობილი, დასაბუთებული საზოგადოებისთვის. ასევე სახელმწიფოს მხრიდან, პროკურატურის მხრიდან იყოს სრული ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ რა გადაწყვეტილებები არის მიღებული და როგორ მიმდინარეობს ამ საქმის წარმოება.

ვფიქრობ, მთავარია საქმე ამოიწუროს და გაეცეს პასუხები იმ კითხვებს, რომელიც ამ საქმეში არსებობს, ეს იქნება როგორც სახელმწიფოსთვის, ასევე ჯაფარიძისთვის და ხაზარაძისთვის“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

საქართველოს გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, გამოტანილია დადგენილება მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ბრალდების შესახებ, მათ მიერ, ჯგუფურად, 16 754 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით“.