არჩილ თალაკვაძე - ჩემთვის უფრო მეტად შემაშფოთებელია ნიკა გვარამიას ნათქვამი, რომ „რუსთავი 2“ და მედია მის ხელში იარაღი იყო
არჩილ თალაკვაძე - ჩემთვის უფრო მეტად შემაშფოთებელია ნიკა გვარამიას ნათქვამი, რომ „რუსთავი 2“ და მედია მის ხელში იარაღი იყო

პირადად ჩემთვის უფრო მეტად შემაშფოთებელია ის, რაც ნიკა გვარამიამ თქვა, რომ „რუსთავი 2“ და მედია მის ხელში იარაღი იყო, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, „რუსთავი 2“-ის ყოფილი დირექტორი იყო ჩვეულებრივი პოლიტიკური აქტივისტი და პოლიტიკური პარტიის წევრი და შესაბამისად, შემაშფოთებელია, როდესაც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი აცხადებს, რომ მედია და ჟურნალისტები პარტიის ხელში იყვნენ იარაღი.

„ძალიან შემაშფოთებელი იყო ის, რაც გვარამიამ თქვა, რომ „რუსთავი 2“ და მედია მის ხელში იყო იარაღი. მოგეხსენებათ, ის იყო ჩვეულებრივი პოლიტიკური აქტივისტი და პოლიტიკური პარტიის წევრი, შესაბამისად, შემაშფოთებელია, როდესაც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი აცხადებს, რომ მედია და ჟურნალისტები პარტიის ხელში იყვნენ იარაღი. ვფიქრობ, საზოგადოების მხრიდანაც სჭირდება ამას შეფასება. მიუღებელია, რომ მედია და ჟურნალისტების საქმიანობა იყოს პოლიტიკური პარტიის იარაღი და მისი პირდაპირი მანიპულაციის საგანი, რაც დაადასტურა ნიკა გვარამიამ თავის გამოსვლაში“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

„რუსთავი 2“-ის ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ 21 ივლისს სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ ვიდეომიმართვისას განაცხადა: „რუსთავი 2“ იყო მხოლოდ იარაღი ჩვენს ხელში ქვეყნის დასაცავად, როცა გვართმევენ ერთ იარაღს, უნდა მოვიმარჯვოთ მეორე. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. საქმე მებრძოლებშია, საქმე ბრძოლაშია და არა იარაღში. იარაღი მნიშვნელოვანია, მაგრამ შეცვლადი. ნებისმიერ ვითარებაში, როგორიც არ უნდა იყოს სიტუაციის სირთულე, აუცილებლად, მნიშვნელოვნად და ყოველ მიზეზგარეშე უნდა მოვიგონოთ სხვა იარაღი, რომელსაც საქართველოს საქმის კეთებას მოვახმართ“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.