არჩილ თალაკვაძე - ჩემთვის რთულია იმ განცხადებაზე საუბარი, რომ ირაკლი კობახიძეს შევცვლი
არჩილ თალაკვაძე - ჩემთვის რთულია იმ განცხადებაზე საუბარი, რომ ირაკლი კობახიძეს შევცვლი

ჩემთვის რთულია იმ განცხადებაზე საუბარი, რომ ირაკლი კობახიძეს შევცვლი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „მოამბე“ განაცხადა.

„ირაკლი კობახიძე არის ჩემი ძალიან ახლო მეგობარი, ძალიან განათლებული, ერუდირებული და ქვეყნის პატრიოტი ადამიანი. მან ძალიან ბევრი გააკეთა ორი-სამი წლის განმავლობაში. ის არაერთ მნიშვნელოვან რეფორმას ხელმძღვანელობდა. ამ ცვლილებაზე ლაპარაკი მიჭირს, მაგრამ თუ გუნდი ამ ნდობას გამომიცხადებს, რა თქმა უნდა, მზად ვარ, პასუხისმგებლობა ავიღო“, – განაცხადა თალაკვაძემ.

ამ განცხადებით არჩილ თალაკვაძემ გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, შეცვლის თუ არა ის ირაკლი კობახიძეს პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე.

მისი თქმით, ეს გამოწვევა იქნება, მაგრამ პარლამენტი ეფექტურად გააგრძელებს საქმიანობას.

„პარლამენტში თითოეულ ჩვენგანს გვაქვს პასუხისმგებლობა, რადგან ხელისუფლებაში ყოფნა თავისთავად გულისხმობს ამ პასუხისმგებლობას. ეს ნამდვილად იქნება გამოწვევა, მაგრამ ვფიქრობ, თანაგუნდელების მხარდაჭერით, საზოგადოებასთან ახლო, სამართლიანი ურთიერთობით და ჩვენს პარტნიორებთან თანამშრომლობით ამ ამოცანას თავს გავართმევთ და პარლამენტი ეფექტურად გააგრძელებს საქმიანობას“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

დატოვე კომენტარი