არჩილ თალაკვაძე - ბიძინა ივანიშვილის წერილზე რეაქციები იქნება ლუსტრაცია, ვის ეხება წერილი სამშობლოს სიყვარულისა და დაპირისპირების ნაწილში
არჩილ თალაკვაძე - ბიძინა ივანიშვილის წერილზე რეაქციები იქნება ლუსტრაცია, ვის ეხება წერილი სამშობლოს სიყვარულისა და დაპირისპირების ნაწილში

ბიძინა ივანიშვილის მიმართვა გამსჭვალულია პატრიოტიზმით, ქვეყნის სიყვარულით და მოცემულია სიღრმისეული ანალიზი 9 აპრილზე, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

როგორც არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, ქვეყნის თანამედროვე ისტორიაში 9 აპრილი ფუნდამენტი და წინაპირობაა დამოუკიდებლობის, თუ რა შეუძლია სამშობლოს სიყვარულის გარშემო გაერთიანებულ საზოგადოებასა და ერს.

„როგორც ყოველთვის, საინტერესო წერილია. ვფიქრობ, წერილში ეს გზავნილი მკაფიოდ არის მოცემული. რაც შეეხება დაყოფასა და დაპირისპირებას, არაერთხელ ვთქვით, რომ მომავალი მშვიდი, საქმიანი, რაციონალური პოლიტიკისაა და საზოგადოებას სწორედ ასეთ პოლიტიკას შევთავაზებთ. იმ ადამიანების თუ პოლიტიკოსების როლი, რომლებიც შეურაცხყოფაზე, აგრესიაზე, დაპირისპირებასა და დაყოფაზე არიან ორიენტებულნი, მომავალში სულ უფრო მცირდება. აშკარაა, რომ ქვეყნის ინტერესების გარშემო საზოგადოების კონსოლიდაცია და გაერთიანება დღეს ისე გვჭირდება, როგორც არასდროს. თუ წერილთან დაკავშირებულ რეაქციებს დააკვირდებით, ეს იქნება ლუსტრაცია, თუ ვის ეხება წერილი სამშობლოს სიყვარულისა და ერთიანობის ნაწილში, ასევე, ვის ეხება დაყოფისა და დაპირისპირების ნაწილში. დღის ბოლომდე წერილზე გაკეთებული კომენტარები სრულად გამოაჩენს ამ ადამიანთა ინტერესებს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მისივე თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებები, რომ ეს წერილი ფარისევლობაა, გამოხატავს არათანმიმდევრულ პოზიციებს.

„ოპოზიცია ბოლო არჩევნებისას ამტკიცებდა, „ქართული ოცნება“ ხმებს პოლიტიკური დაპირისპირებით მოიპოვებსო. როგორც ჩანს, აზრი შეიცვალეს და ამბობენ, რომ ივანიშვილის წერილი, რომელიც საზოგადოების გაერთიანებასა და კონსოლიდაციას ეხება, ესეც ხმების მოპოვების ერთ-ერთი შესაძლებლობაა. კოლეგები ჩამოყალიბდნენ, რომელ შეფასებას ემხრობიან. ეს ორი პოზიცია ურთიერთგამომრიცხავი და სასაცილოა“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა 9 აპრილის 30 წლისთავთან დაკავშირებით წერილი დღეს გაავრცელა.