არჩილ თალაკვაძე - ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით განხორციელდა მნიშვნელოვანი დემოკრატიული რეფორმები და ახლა მან მართვა გადააბარა გუნდს, რომელსაც შეუძლია გამოწვევებთან გამკლავება
არჩილ თალაკვაძე - ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით განხორციელდა მნიშვნელოვანი დემოკრატიული რეფორმები და ახლა მან მართვა გადააბარა გუნდს, რომელსაც შეუძლია გამოწვევებთან გამკლავება

რაც შეეხება პოლიტიკიდან გასვლას, აქ ყველაზე მთავარი არის ის, თუ რა წინაპირობები უზრუნველყო ბიძინა ივანიშვილმა იმისთვის, რომ ასეთი გადაწყვეტილება მიეღო, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა. არჩილ თალაკვაძე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მიერ პოლიტიკიდან წასვლის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.

თალაკვაძის თქმით, ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით განხორციელდა მნიშვნელოვანი რეფორმები.

„მან, ასევე, ჩამოაყალიბა თანამედროვე, ეფექტური გუნდი, რომელსაც შეუძლია გამოწვევებთან გამკლავება და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღო პოლიტიკიდან გასვლის გადაწყვეტილება. სწორედ ამიტომ არის მისი გადაწყვეტილება პასუხისმგებლიანი“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, გადაწყვეტილების შესახებ ბიძინა ივანიშვილს წინასწარი განხილვა ჰქონდა გუნდთან.

არჩილ თალაკვაძე ბიძინა ივანიშვილის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ ოპონენტების შეფასებებსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ უპასუხისმგებლობის კლასიკურ მაგალითს ოპოზიცია აჩვენებს.

„უპასუხისმგებლობის კლასიკური მაგალითი არის სწორედ ის, რასაც ოპოზიცია აკეთებს, როდესაც საზოგადოებას ეუბნება, რომ ავრევთ ქვეყანას, თუ ახალი არჩევნები არ ჩატარდება და როდესაც საკუთარი მხარდამჭერების არჩევანს უგულებელყოფს და პარლამენტში არ შედის, როდესაც თქვენ, საზოგადოების ნაწილი აგირჩევთ იმისთვის, რომ შეხვიდეთ პარლამენტში, ოპონირება გაუწიოთ ხელისუფლებას, იმუშაოთ კანონებზე, პრობლემებზე და თქვენ პარლამენტში არ შედიხართ, ამ დროს ითხოვთ დაფინანსებას იმისთვის, რასაც არ აკეთებთ – სწორედ ეს არის უპასუხისმგებლობა“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.