არჩილ თალაკვაძე - ბიძინა ივანიშვილის ინიციატივების დაკავშირება საარჩევნო თემატიკასთან დიდი უსამართლობაა
არჩილ თალაკვაძე - ბიძინა ივანიშვილის ინიციატივების დაკავშირება საარჩევნო თემატიკასთან დიდი უსამართლობაა

ბიძინა ივანიშვილის ინიციატივების დაკავშირება საარჩევნო თემატიკასთან დიდი უსამართლობაა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ ბიძინა ივანიშვილის მხრიდან გამოთქმულ მზადყოფნაზე, სრულად დააფინანსოს სამების ტაძრის მოხატვის სამუშაოები, კომენტარისას განაცხადა.

მისივე თქმით, ასეულობით ეკლესია სწორედ ბიძინა ივანიშვილის ძალისხმევით, მისი შემოწირულობებით არის აღდგენილი საქართველოში.

„არჩევნები ჩვენს ქვეყანაში არის პრაქტიკულად ყოველ წელს. ჩვენ კონსტიტუციაში შევიტანეთ ცვლილებები, რომ მომავალში ეს რეალობა შეიცვალოს და ყოველწლიურად არ იყოს ქვეყანა საარჩევნო რეჟიმში. რაც არ უნდა იძახოს ოპოზიციამ, რომ საქმეები, რომელიც ქვეყანაში კეთდება შესაძლოა, არჩევნებს რაიმე სახით უკავშირდებოდეს, არ ვაპირებთ, რომ შევაჩეროთ საქმე და შევაჩეროთ განვითარების პროცესი ქვეყანაში. როდესაც ვსაუბრობთ ბატონი ბიძინა ივანიშვილის ინიციატივებზე დღეს და არჩევნები არის წელიწად ნახევარში, 2020 წელს, ეს ელემენტარულ კრიტიკასაც ვერ უძლებს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილმა მზადყოფნა გამოთქვა, სრულად დააფინანსოს სამების ტაძრის მოხატვის სამუშაოები.