არჩილ თალაკვაძე - ბიძინა ივანიშვილი ის პოლიტიკური ლიდერი გახლდათ, რომელმაც ისტორიულ ცვლილებებს ჩაუყარა საფუძველი
არჩილ თალაკვაძე - ბიძინა ივანიშვილი ის პოლიტიკური ლიდერი გახლდათ, რომელმაც ისტორიულ ცვლილებებს ჩაუყარა საფუძველი

ბიძინა ივანიშვილი წლების განმავლობაში ეხმარებოდა თავის ქვეყანას, საზოგადოებასა და მოქალაქეებს. მას უპრეცენდენტო პროექტები აქვს დაფინანსებული განათლების, გარემოს დაცვის, კულტურის, კულტურული მემკვიდრეობის აღდგენისა და დაცვის სფეროში, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომელმაც კომენტარი გააკეთა ფრანგულ გამოცემაში გამოქვეყნებულ სტატიასთან დაკავშირებით, რომელშიც ბიძინა ივანიშვილი ცნობილ ფილანტროპებს შორის არის დასახელებული.

თალაკვაძის თქმით, ბიძინა ივანიშვილი ის პოლიტიკური ლიდერია, რომელმაც ისტორიულ ცვლილებებს ჩაუყარა საფუძველი.

„ბიძინა ივანიშვილი ის პოლიტიკური ლიდერი გახლდათ, რომელმაც ისტორიულ ცვლილებებს ჩაუყარა საფუძველი, სათავეში ჩაუდგა პროცესს, რომელმაც შესაძლებლობა მოგვცა, გადავსულიყავით რეალური თავისუფლებისა და დემოკრატიის მშენებლობის პროცესში. ვინაიდან რაც გვქონდა, ის იყო ფასადური დემოკრატია, როდესაც მედია იყო ერთი ადამიანის კონტროლის ქვეშ, როდესაც საკუთრება იყო ფეხქვეშ გათლილი, როდესაც ადამიანებს აყენებდნენ მძიმე შეურაცხყოფას, მათ ღირსებას, სიცოცხლესა და ჯანმრთელობას ეხებოდნენ. ადგილი ჰქონდა წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაა. პოლიტიკაში იყვნენ მხოლოდ და მხოლოდ მართული ოპოზიციური ძალები ხელისუფლების მხრიდან და კონსტიტუცია იყო მორგებული კონკრეტული ერთი ადამიანის საჭიროებებს. ამის შეცვლას უკავშირდება ბიძინა ივანიშვილის სახელი, პირველ რიგში. მან ამ წლების განმავლობაში შეძლო ხელშესახები წარმატებების უზრუნველყოფა თავის გუნდთან ერთად. შეძლო დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება, მათ შორის რამდენიმე კონკურენტული არჩევნების ჩატარება ფუნდამენტური უფლებების დაცვით, როგორც ეს საერთაშორისო დამკვირვებლებმა თქვეს. შესაბამისად, მისი ღვაწლი საჯარო ცხოვრებასა და პოლიტიკაში ეს გახლავთ.

რაც შეეხება ქველმოქმედებას. ის წლების განმავლობაში ეხმარებოდა თავის ქვეყანას, საზოგადოებას და მოქალაქეებს. მას უპრეცენდენტო პროექტები აქვს დაფინანსებული განათლების, გარემოს დაცვის, კულტურის, კულტურული მემკვიდრეობის აღდგენის და დაცვის სფეროში. ალბათ, ეს ის საკითხია, რისთვისაც მას მადლობა საზოგადოებამ უნდა გადაუხადოს. პოლიტიკოსების მხრიდან ალბათ, ამაზე ზედმეტი საუბარი სწორი არ იქნებოდა. მე უფრო მეტად შემიძლია, გესაუბროთ, თუ რა დემოკრატიული ცვლილებების სათავეში გახლდათ ბატონი ბიძინა ივანიშვილი, იმ პერიოდში როდესაც ის პოლიტიკაში გახლდათ“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

დატოვე კომენტარი