არჩილ თალაკვაძე, ბექა ოდიშარია და გიორგი ამილახვარი ისრაელში, საბერძნეთში, უკრაინაში, მოლდოვასა და ბელარუსში მცხოვრებ თანამემამულეებს შეხვდნენ
არჩილ თალაკვაძე, ბექა ოდიშარია და გიორგი ამილახვარი ისრაელში, საბერძნეთში, უკრაინაში, მოლდოვასა და ბელარუსში მცხოვრებ თანამემამულეებს შეხვდნენ

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია და პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ პროპორციული სიის წევრი გიორგი ამილახვარი ისრაელში, საბერძნეთში, უკრაინაში, მოლდოვასა და ბელარუსში მცხოვრებ თანამემამულეებს შეხვდნენ.

პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ლიდერებმა ონლაინფორმატში შეხვედრისას საარჩევნო პროგრამის პრიორიტეტებზე, „კოვიდ19“-ის პანდემიით გამოწვეული კრიზისის მართვაზე და დიასპორის მხარდამჭერ პროექტებზე ისაუბრეს. მოისმინეს ინფორმაცია ემიგრაციაში მყოფი ქართველების საქმიანობასა და საჭიროებებზე.

„ემიგრაციაში მყოფი თანამემამულეების მხარდაჭერა და მონაწილეობა მნიშვნელოვანია საქართველოს დემოკრატიული განვითარების პროცესში. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩვენი ქვეყნის მომავალს უკავშირდება და ყველა ჩვენს თანამოქალაქეს აქვს შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღოს  საქართველოს წარმატებაში. ამ წლების განმავლობაში საზოგადოების მხარდაჭერით, ჩვენ შევძელით მოცულობითი სამუშაოს შესრულება მშვიდობის განმტკიცების, ადამიანის უფლებების დაცვის, ჯანდაცვის რეფორმის და ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით. საქართველოს აქვს ხელშესახები წარმატებები საგარეო პოლიტიკაში ევროკავშირთან, ნატო-სთან და ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორ აშშ-სთან თანამშრომლობის მხრივ. ჩვენ მომავალზე ვართ ორიენტირებული, გვაქვს გეგმა და გვყავს გამოცდილი გუნდი, რომელსაც შეუძლია უზრუნველყოს ქვეყნის შემდგომი განვითარება“, – განაცხადა დიასპორასთან შეხვედრისას პარლამენტის თავმჯდომარემ.​

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.