არჩილ თალაკვაძე - ბათუმში პოლიციელის დაჭრის ფაქტმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, თუ რაოდენ რისკის შემცველი პროფესიაა პოლიციელობა
არჩილ თალაკვაძე - ბათუმში პოლიციელის დაჭრის ფაქტმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, თუ რაოდენ რისკის შემცველი პროფესიაა პოლიციელობა

ბათუმში პოლიციელის დაჭრის ფაქტმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, თუ რაოდენ მნიშვნელოვანი და რისკის შემცველი პროფესია არის პოლიციელობა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.​

თალაკვაძემ იმედი გამოთქვა, რომ დაჭრილი პოლიციელი მალე გამოჯანმრთელდება.

„მთელი სახელმწიფო, მთელი საზოგადოება ვგულშემატკივრობთ დაჭრილ პოლიციელს. დიდი იმედი მაქვს, ის მალე გამოჯანმრთელდება.

ამ ფაქტმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, თუ რაოდენ მნიშვნელოვანი და რისკის შემცველი პროფესია არის პოლიციელობა და თუ რამდენად მნიშვნელოვანია ყოველდღიურად პოლიციელების მუშაობა, რომ ჩვენ ვიცხოვროთ მშვიდ და უსაფრთხო გარემოში.

პოლიციელებს აქვთ ჩვენი სრული მხარდაჭერა. რა თქმა უნდა, პოლიციელი არის არის გმირი. ამ დღემ კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ ყოველდღიურად პოლიციელებს უწევთ ურთულესი სამუშაოს შესრულება.

მივესალმები ღონისძიებებს, რომლებიც გატარდა ამ შემთხვევაში. ასევე, მეწყვილემაც იმოქმედა ძალიან გაბედულად და შესაძლებელი გახდა მისი სიცოცხლის გადარჩენა.

დაველოდებით ახალ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან და დიდი იმედი მაქვს, რომ ის მალე გამოჯანმრთელდება“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე პოლიციელი ორი დღის წინ დაჭრეს. ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. გამოძიება პოლიციელზე თავდასხმის მუხლით მიმდინარეობს.