არჩილ თალაკვაძე - აუცილებლად აღვადგენთ ტურისტულ ნაკადს და დავაბრუნებთ ჩვენს ეკონომიკურ განვითარებას იმ ნიშნულზე, რომელზეც იყო
აუცილებლად აღვადგენთ ტურისტულ ნაკადს, აღვადგენთ ეკონომიკასაც და დავაბრუნებთ ჩვენს ეკონომიკურ განვითარებას იმ ნიშნულზე, რომელზეც იყო, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას. არჩილ თალაკვაძემ კომენტარი გააკეთა საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებზე, რომლის თანახმადაც, ტურიზმიდან შემოსავალი ივლისში 13,3 პროცენტით შემცირდა.
„იმ ანგაჟირებულმა პოლიტიკურმა პროცესებმა, რომელიც მოჰყვა გულწრფელი პროტესტის შემდეგ პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებას, ჩვენ ვნახეთ, რომ ახალგაზრდების გულწრფელი პროტესტი გამოყენებული იყო პოლიტიკური მიზნებისთვის; იყო გამოყენებული იმისთვის, რომ როგორმე, ჩვენს ოპონენტებს, პოლიტიკურ ოპოზიციას გამოეყენებინა ეს პროცესები სახელმწიფოსა და ხელისუფლების დასასუსტებლად. სამწუხაროდ, მათ პირველ ადგილზე დააყენეს თავიანთი პარტიული ინტერესები და ყველაფერი გააკეთეს იმისათვის, რომ როგორმე დაზარალებულიყო სახელმწიფო და ეს ყველაფერი დაბრალებოდა მთავრობას და ხელისუფლებას. ამის შედეგიც არის ის, რომ ტურისტული ნაკადი და კლიმატი ამ მოკლე პერიოდის განმავლობაში, სამწუხაროდ, შეიცვალა უარესობისკენ.
თუმცა, ჩვენ აუცილებლად აღვადგენთ ტურისტულ ნაკადს, აღვადგენთ ეკონომიკასაც და დავაბრუნებთ ჩვენს ეკონომიკურ განვითარებას იმ ნიშნულზე, რომელზეც იყო. არ მივცემთ საშუალებას, რომ ვიღაცის პოლიტიკურ, ვიწრო ინტერესებს შეეწიროს ჩვენი მოქალაქეების ოჯახების ეკონომიკა და მათი შემოსავლები. ტურიზმი არის ჩვენთვის აუცილებელი, ჩვენ ვართ კონკრეტულ გეოგრაფიაში და უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ ამ გეოგრაფიას ვერ შევცვლით“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
მისი თქმით, რასაც აკეთებს ხელისუფლება, არის სწორი კურსი.
„რასაც ვაკეთებთ, ეს არის სწორი კურსი, რომ მოვახდინოთ ინტეგრაცია საერთაშორისო ბაზრებში, დასავლეთში და აღმოსავლეთის ბაზრებში, გავზარდოთ ექსპორტი ევროკავშირში, ვისარგებლოთ თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებებით, მოვაწესრიგოთ ტურისტული ინფრასტრუქტურა და ხედავთ, რამხელა დაფინანსება იდება ამ ყველაფერში – ეს არის გზა ეკონომიკის განვითარებისთვის და არა ის, როდესაც ადამიანები დგანან და სახელმწიფო ინტერესებს სწირავენ თავიანთ ვიწრო პარტიულ მხედველობას“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.