არჩილ თალაკვაძე - აშშ-ის მთავრობის დოკუმენტში დადასტურებულია, რომ სააკაშვილი და მისი გარემოცვა ასიათასობით დოლარს იხდიდნენ, რათა ევროპარლამენტს საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიეღო
არჩილ თალაკვაძე - აშშ-ის მთავრობის დოკუმენტში დადასტურებულია, რომ სააკაშვილი და მისი გარემოცვა ასიათასობით დოლარს იხდიდნენ, რათა ევროპარლამენტს საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიეღო

რასაც ჩვენ მტკიცებით ფორმაში ვამბობდით, ამერიკის მთავრობამ ზუსტად ამის დამადასტურებელი დოკუმენტაცია გამოაქვეყნა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური შაბათი – მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.

„გამოქვეყნდა დოკუმენტაცია, სადაც დადასტურებულად ჩანს, რომ მიხეილ სააკაშვილი და მისი გარემოცვა ასიათასობით დოლარს იხდიდნენ იმაში, რომ ევროპარლამენტს მიეღო საქართველოს მიმართ კრიტიკული რეზოლუცია. გახსოვთ ეს რეზოლუციაც და ჩვენი რეაქციებიც. ეს იყო წარმოუდგენელი სიყალბე. რეზოლუცია იყო წარმოუდგენლად არაობიექტური და უსამართლო“, – განაცხადა თალაკვაძემ.

მისი თქმით, აღმოჩნდა, რომ კონკრეტული კომპანიისთვის გადახდილი იყო ფული, რომელმაც ფული იმაში აიღო, რომ ევროპარლამენტში კონკრეტული ჯგუფი შეერჩია, მოლაპარაკებოდა და ამ ჯგუფს სააკაშვილის თემაზე მუდმივი პედალირება გაეკეთებინა.

„დოკუმენტები რომ გამოქვეყნდა, გავარკვიეთ, რომ რეზოლუცია იყო სააკაშვილის გარემოცვის მიერ გადახდილი ფულით ლობირებული და ამერკელმა ლობისტებმა, რომლებმაც ეს ფული აიღეს, რეზოლუციის პროექტი დაუწერეს ევროპარლამენტს, ასე გამოდის“, – განაცხადა თალაკვაძემ.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რას უპასუხებს ოპონენტთა განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ 2012 წლამდე ბიძინა ივანიშვილსაც ჰყავდა დაქირავებული ლობისტური კომპანიები, რომლებიც ცდილობდნენ, მაშინდელი ხელისუფლება დაეზიანებინათ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ რეალობის გაყალბება და სიმართლის გადაკეთება არასდროს ყოფილა არც ბიძინა ივანიშვილის და არც „ქართული ოცნების“ პრინციპები და ხელწერა.

„მაგ ოპონენტებს და ზოგიერთ უტიფარ ოპოზიციონერს მინდა, ვუპასუხო, რომლებიც ამბობენ, თუ ასე ყველაფერი ფულით კეთდება, თვითონ რატომ არ იხდიან ფულსო. აი, ასეთ უტიფარ კითხვებს სვამენ. აქ შინაარსია ძალიან უტიფარი და ამორალური. აგერ, დოკუმეტაცია გამოქვეყნდა, ჩვენ გავარკვიეთ და ვამბობთ, რომ ეს არის ამორალური. ოპოზიცია და მათი ლობისტები შინაარსში კი ვერ შემოდიან, გაჩუმებული არიან ეს დღეები; შემოდიან შემდეგი შეკითხვით – კი მაგრამ, თქვენ რატომ არ იხდით ფულს, თუ ასე ფულით კეთდება ყველაფერიო? წარმოგიდგენიათ, ადამიანები სადამდე არიან დაცემული? ჩვენ კითხვას ვუსვამთ, რატომ აკეთებთ ასეთ ამორალურ რამეს საკუთარი სამშობლოს წინააღმდეგ თქო და იმას კი არ გვეუბნებიან, ეს ამორალურია, მორალურია, რატომ აკეთებენ და რისთვის? გვეუბნებიან, თქვენც ხომ გაქვთ ფული და თქვენც გააკეთეთო. ამ უტიფარ ოპოზიციონერებს მინდა, ვუპასუხო: ჩვენ ამას არ ვაკეთებთ, რადგან ჩვენთვის მიუღებელია რეალობის გაყალბება და სიმართლის გადაკეთება. ეს არასდროს ყოფილა არც ბიძინა ივანიშვილის და არც „ქართული ოცნების“ პრინციპები, ხელწერა და ასე იქნება მომავალშიც. როდესაც იცი, რომ აბსოლუტურად არასწორი ხარ, სიმართლე შენ მხარეს არ არის, იცი, რომ იტყუები და სინამდვილეში არანაირი ჯანმრთელობის საკითხი იქ არ დგას, როგორ უნდა იკადრო, რომ შენი ქვეყნის შეურაცხყოფისა და დაზიანებისთვის, იმისთვის, რომ შენ ქვეყანას ტალახი ესროლო, ამაში ფული გადაიხადო საზღვარგარეთ, მერე კიდევ არ შეგრცხვეს, უსინდისოდ შემოტრიალდე და ვინც ამაში გამხილა, იმას უთხრა, კი მაგრამ, მოდი, თქვენც გააკეთეთ ასე, რა მოხდებაო“, – განაცხადა თალაკვაძემ.

როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, რა თქმა უნდა, „ქართული ოცნება“ პარტნიორებთან მუშაობდა ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან და ამას ახლაც აგრძელებს, მაგრამ მუშაობს მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს ინტერესებისთვის.

„ეს მუშაობა გამოიხატება მაღალი დონის ვიზიტებში, მოლაპარაკებებში, ორმხრივ შეხვედრებში, პარტნიორების საქართველოში მოწვევაში და ამ ყველაფრის აქ ნახვაში. ჩვენ თუ ვინმესთან ვთანამშრომლობდით და დღესაც ვთანამშრომლობთ, მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენი სიმართლე, პროგრესი ვაჩვენოთ და ვაჩვენოთ, რატომ იმსახურებს საქართველო ნდობას“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ამასთან, თალაკვაძემ აღნიშნა, რომ, როგორც აშშ-ის მთავრობის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტებიდან გაირკვა, სააკაშვილისა და მისი გარემოცვის მიერ დაქირავებული ლობისტების მიერ იყო დაკვეთილი და ორკესტრირებული საერთაშორისო მედიაში გამოქვეყნებული სტატიები, გადაცემები, თავისი სპიკერებით და კითხვების დამსმელებით; საქართველოს პრეზიდენტზე ახდენდნენ ზეწოლას შეწყალების გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით; ექიმები პოლიტიკური კონტრაქტის ნაწილი ყოფილა და არა მკურნალობისთვის პროფესიონალთა მოწვევა და ასევე, დამკვეთი ფულს იხდიდა და ითხოვდა საქართველოს დასანქცირებას.

„ბიბლიაში პირველი ფარისევლები ხომ გახსოვთ? აი, მათაც კი გაუკვირდებოდათ ამათი ფარისევლობა. პარლამენტში რომ გამოდიან და ვითომ სამშობლოს მოყვარული პატრიოტული სახებით საუბრობენ, სინამდვილეში მაგიდის ქვეშ ფულს იხდიან, რომ საქართველო დასანქცირდეს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.