არჩილ თალაკვაძე - აშკარაა, რომ ჩანაწერების გავრცელების უკან დგანან ზიზღის გამავრცელებელი ადამიანები, ეს არის „ჰეითერობა“, რაც თანამედროვე სამყაროში სირცხვილია
არჩილ თალაკვაძე - აშკარაა, რომ ჩანაწერების გავრცელების უკან დგანან ზიზღის გამავრცელებელი ადამიანები, ეს არის „ჰეითერობა“, რაც თანამედროვე სამყაროში სირცხვილია

სააკაშვილის ხელისუფლება და მისი ხელწერა რომ იყო უკანონო მოსმენები, ადამიანების უფლებების უხეში დარღვევები, საკუთრებაზე თავდასხმა, ბიზნესის ტერორი და მედიის ტოტალური კონტროლი, მე ვფიქრობ ეს ახალი არ არის, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, ყველა მოქალაქემ იცის, რა ხდებოდა სააკაშვილის ხელისუფლების დროს.

„ჩვენ არაერთხელ ვთქვით, რომ უკანონო ჩანაწერების გაკეთება თავისთავად არის იმის საფრთხე, რომ ადამიანები, ვინც ამას აკეთებდნენ, ვინც ამას უკანონო გზით გადასცემდნენ სხვა ადამიანებს და ინახავდნენ, არ არის გამორიცხული, რომ მომავალში ეს ადამიანები გამოიყენებენ მათ მიერ შექმნილ უკანონო ჩანაწერებს რაიმე მიზნებისთვის. ამ შემთხვევაში პრინციპული რა არის – პრინციპული არის ის, რომ ჩვენი ხელისუფლების პირობებში არასოდეს არ მომხდარა ადამიანებზე ზეწოლა და მათი კომპრომეტაცია ჩანაწერების საშუალებით, ეს არ არის ჩვენი ხელისუფლების ხელწერა. ხოლო იმ შემთხვევაში, როდესაც ასეთი პრეტენზიები იყო, ხელისუფლებამ მოახდინა რეაგირება რაც შესაძლებელი იყო და რის გამოძიების საშუალებასაც იძლევა ელექტრონული ჩანაწერები, რომლებიც უკანონოდ შეიძლება ვრცელდება და ინახება“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მისივე თქმით, აშკარაა, რომ ადგილი ჰქონდა დაგეგმილ შავ საინფორმაციო კამპანია ბერა ივანიშვილის და ირაკლი ღარიბაშვილის წინააღმდეგ.

„ბევრი კითხვები არის იმასთან დაკავშირებით, რატომ დიალოგს მნიშვნელოვან მომენტს დაემთხვა ამ ყველაფრის გამოქვეყნება. პირდაპირ ჩანს და აშკარაა, რომ ამის უკან დგანან ადამიანები, ვინც ჩვენს საზოგადოებაში ავრცელებენ ზიზღს, ხელს უწყობენ, რომ პოლიტიკაში, ურთიერთობებში იყოს მეტი ზიზღი და დაპირისპირება. ეს არის „ჰეითერობა“ და „ჰეითერობა“ თანამედროვე სამყაროში არის სირცხვილი. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ ამას მთელმა საზოგადოებამ სათანადოდ უნდა ვუპასუხოთ. როგორც ბერა ივანიშვილის მხრიდან, ასევე ირაკლი ღარიბაშვილის მხრიდან გაკეთდა განმარტებები, სახელმწიფომაც დაიწყო გამოძიება, გაირკვევა აუცილებლად კიდევ უფრო მეტი ამასთან დაკავშირებით. ფაქტი ის არის, რომ რაც მოხდა ბერა ივანიშვილისა და ირაკლი ღარიბაშვილის წინააღმდეგ, ეს არის ზიზღის გავრცელება, ანუ „ჰეითერობა“, რაც ხელს უშლის ჩვენს საზოგადოებაში შეთანხმებას და წლების განმავლობაში ამით არის დაკავებული სწორედ სააკაშვილის გუნდი და მასთან აფილირებული მედიასაშუალებები“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.