არჩილ თალაკვაძე - არჩევნებს ხალხის ნდობა იგებს და არა საარჩევნო მოდელი, ნურავინ ეცდება, მოსახლეობის მხარდაჭერის არქონა საარჩევნო სისტემას დააბრალოს
არჩილ თალაკვაძე - არჩევნებს ხალხის ნდობა იგებს და არა საარჩევნო მოდელი, ნურავინ ეცდება, მოსახლეობის მხარდაჭერის არქონა საარჩევნო სისტემას დააბრალოს

არჩევნებს ხალხის ნდობა იგებს და არა ცალკე აღებული საარჩევნო მოდელი, შესაბამისად, ნურავინ შეეცდება მოსახლეობის მხარდაჭერის არქონა საარჩევნო სისტემის მახასიათებლებს დააბრალოს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

როგორც არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, თავის დროზე პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა „ქართული ოცნების“ ინიციატივაა.

„სწორედ ჩვენი გუნდის ძალისხმევით ჩაიწერა კონსტიტუციაში, რომ 2024 წლიდან არჩევნები სრულად პროპორციული სისტემით გაიმართება. ასევე „ქართული ოცნების“ ინიციატივა იყო პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე 2020 წლიდან გადასვლა, რასაც, როგორც ვნახეთ, სამწუხაროდ, დეპუტატთა გარკვეულმა ნაწილმა მხარი არ დაუჭირა კენჭისყრის დროს. როგორც არ უნდა შეეცადონ ამ პროცესის წარმოჩენას და ინტერპრეტაციას ჩვენი ოპონენტები, ეს გადაწყვეტილება ნებისმიერ შემთხვევაში მიიღო ქვეყნის კონსტიტუციურმა ინსტიტუტმა – საქართველოს პარლამენტმა. სამწუხაროა, ნამდვილად, რომ ინიციატივამ საკმარისი ხმები ვერ მიიღო, თუმცა პროპორციული არჩვენების 2020 წელს გადმოწევის ინიციატივის ვერგანხორციელება ქვეყნის დასასრულს არ ნიშნავს, როგორც ოპონენტებს სურთ დღეს ამის წარმოჩენა. ეს ნიშნავს, რომ 2024 წლამდე საქართველოში რჩება იმავე საარჩევნო სისტემა, რომლითაც ბოლო ათწლეულების განმავლობაში, ჩვენი მოქალაქეები და საზოგადოება ცვლიდა და ირჩევდა ხელისუფლებებს. ჩვენ ვიმუშავებთ, რათა ეუთო-ს რეკომენდაციების ფარგლებში მიმდინარე საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმა კონსტრუქციული და ნორმალური პოლიტიკური დიალოგის ფარგლებში წარმატებით დასრულდეს. ჩვენ კონსულტაციებს ვმართავთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთანაც, რომ ბოლომდე მივიყვანოთ ეუთო-ს რეკომენდაციების გათვალისწინებით საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმა. მე ამასთან დაკავშირებით მქონდა უკვე რამდენიმე შეხვედრა ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან. არჩევნებს ხალხის ნდობა იგებს და არა ცალკე აღებული საარჩევნო მოდელი, შესაბამისად, ნურავინ შეეცდება მოსახლეობის მხარდაჭერის არქონა, საარჩევნო სისტემის მახასიათებლებს დააბრალოს“, – განაცხადა თალაკვაძემ.