არჩილ თალაკვაძე - არც ერთ პარლამენტარსა და პარლამენტის თანამშრომელს არ აქვს კორონავირუსი და არ იმყოფება კარანტინში
არჩილ თალაკვაძე - არც ერთ პარლამენტარსა და პარლამენტის თანამშრომელს არ აქვს კორონავირუსი და არ იმყოფება კარანტინში

არც ერთ პარლამენტარსა და პარლამენტის თანამშრომელს არ აქვს კორონავირუსი და არ იმყოფება კარანტინში, – ამის შესახებ ბიუროს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

„ამ მომენტისთვის, არც ერთი პარლამენტარი, პარლამენტის არც ერთი თანამშრომელი არ იმყოფება კარანტინის რეჟიმში და არ აქვს დადასტურებული კორონავირუსის ინფექცია.

შესაბამისად, პარლამენტი ამ მომენტისთვის ეფექტურად უმკლავდება ვირუსთან დაკავშირებულ სიტუაციას“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მისივე განმარტებით, სამწუხაროდ, პარლამენტის წარმომადგენლებთან დაკავშირებით, მედიაში გადაუმოწმებელი ინფორმაცია ვრცელდება.

თალაკვაძე ამბობს, რომ კორონავირუსთან დაკავშირებული სტიგმის შექმნა და მისი ხელშეწყობა მიუღებელია.

„მინდა, ნეგატიურად შევაფასო სამწუხაროდ მედიის ზოგიერთი წარმომადგენლის მცდელობა, როდესაც ხდება კონკრეტული ადამიანების იდენტიფიცირება და მათზე გარკვეული გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელება. როდესაც ხდება ყოველდღიურად ერთი ან ორი ადამიანის ამორჩევა პარლამენტიდან და ვრცელდება რაღაც კულუარული ინფორმაცია, თითქოს ამა თუ იმ ადამიანს დაუდასტურდა კორონავირუსის ინფექცია და შემდეგ მიდის ამაზე მუდმივი სპეკულაციები.

მინდა, ამ ადამიანებს მივმართო, რომ კორონავირუსთან დაკავშირებული სტიგმის შექმნა, მისი ხელშეწყობა ამ სიტუაციაში არის ეპიდსიტუაციის საწინააღმდეგოდ გადადგმული ნაბიჯი. სტიგმატიზაციის და ამ საკითხებისგან რაღაც სენსაციის შექმნა, კონკრეტული ადამიანების ამორჩევა და მათ მიმართ ნეგატიური კამპანიის წამოწყება – ეს სრულიად ეწინააღმდეგება იმ რეკომენდაციებს, იმ განწყობას, იმ ზომებს, რასაც ჩვენ ახლა საზოგადოებასთან ერთად მივმართავთ ქვეყანაში.

ამიტომ მინდა კიდევ ერთხელ ვუთხრა ჩვენს თანამოქალაქეებს და ჟურნალისტებს, რომ პარლამენტში დადასტურებული შემთხვევა თუ იქნება, არ აქვს მნიშვნელობა, ეს შეეხება თანამშრომელს, თუ დეპუტატს, ჩვენ ვიქნებით პირველები, ვინც მივაწვდით ინფორმაციას მედიას, ასევე ვიქნებით პირველები, ვინც მიიღებს შესაბამის ზომებს ეპიდემიური კონტროლის თვალსაზრისით. არავითარი მოტივაცია ამ პარლამენტში და დეპუტატებს შორის არ არსებობს, რომ მოხდეს ამ შემთხვევების იგნორირება და რამენაირად გულგრილი დამოკიდებულება შემთხვევების მიმართ. ამიტომ გთხოვთ, რომ შეცვალოთ ეს სამწუხარო პრაქტიკა“ ,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

არჩილ თალაკვაძის ინფორმაციით, გამოიცემა სპეციალური ბრძანება, რომელიც პარლამენტის წევრებსა და თანამშრომლებს შეეხება და კორონავირუსთან დაკავშირებულ ნებისმიერ შესაძლებელ სიტუაციას დაარეგულირებს.