არჩილ თალაკვაძე - არც ერთ დემოკრატიულ სახელმწიფოს არ სურს ნახვა, როგორ იყენებს პოლიტიკოსთა ჯგუფი პროტესტს, თავს ესხმის ქვეყნის კონსტიტუციურ ინსტიტუტებს
არჩილ თალაკვაძე - არც ერთ დემოკრატიულ სახელმწიფოს არ სურს ნახვა, როგორ იყენებს პოლიტიკოსთა ჯგუფი პროტესტს, თავს ესხმის ქვეყნის კონსტიტუციურ ინსტიტუტებს

პოლიტიკური დისკუსიების კულტურა დემოკრატიის გაძლიერებას უწყობს ხელს, დემოკრატია არ იბადება, დემოკრატია შენდება, – ამის შესახებ საქათველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ თბილისში  ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრისა და მაკკეინის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ, რიგით მეხუთე საერთაშორისო კონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, მთავრობის მხრიდან გარანტირებულია ყოველი მშვიდობიანი პროტესტი, რომელიც იმართება გამოხატვის, მშვიდობიანი შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლების შესახებ კანონმდებლობის შესაბამისად, იქნება ეს მცირე საპროტესტო აქცია, თუ დიდი.

„პოლიტიკური დისკუსიების კულტურა დემოკრატიის გაძლიერებას უწყობს ხელს. როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, მე აქ ვარ და ჩემს კოლეგებთან ერთად საქართველოს დემოკრატიის გაძლიერებისკენ მივისწრაფი. მჯერა, რომ მოსახლეობის ნებაზე დამყარებული დემოკრატიის პირობებში ყველაფერი შესაძლებელია. მჯერა იმის, რაც შესაძლებელია. ვფიქრობ, საქართველოს გზა დემოკრატიისკენ, საქართველოს გადაწყვეტილება, ააშენოს ძლიერი დემოკრატიამ არის ამ ქვეყნის მომავალი განვითარების ერთადერთი სწორი გზა. დემოკრატია არ იბადება, დემოკრატია შენდება. ჯონ მაკკეინი მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში იბრძოდა დემოკრატიის ასაშენებლად. ჩვენ წილად გვხვდა პრივილეგია, გვემასპინძლა თბილისში მისი ოჯახისა და მისი ინსტიტუტისთვის. ეს არ არის პირველი შემთხვევა და მოხარული ვარ, რომ ეს უკვე ტრადიციად იქცა. ისინი, ვინც იმყოფებოდით საოკუპაციო ხაზთან, ვფიქრობ, თქვენ მკაფიოდ დაინახეთ, რომ საქართველოს დემოკრატია საფრთხის წინაშე რჩება. ჩვენი ქვეყნისთვის, ერისთვის ყოველდღიური გამოწვევაა ამ რეალობისთვის წინააღმდეგობის გაწევა. ამავე დროს, განვითარების, დემოკრატიის გაძლიერების, გლობალურ ეკონომიკასთან ჩვენი ეკონომიკის ინტეგრაციის, ევროპული და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების გზის შენარჩუნება. ამ მხრივ, ძალიან მიშვნელოვანია, რამდენად მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი ჩვენი დემოკრატიის გაძლიერება. მთავრობის მხრიდან გარანტირებულია ყოველი მშვიდობიანი პროტესტი, ყველა პროტესტი, რომელიც იმართება გამოხატვის, მშვიდობიანი შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლების შესახებ კანონმდებლობის შესაბამისად, იქნება ეს მცირე საპროტესტო აქცია, თუ დიდი. ნებისმიერი მოქალაქის ხმა მნიშვნელოვანია ამ ქვეყანაში“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, მსოფლიოში არც ერთ დემოკრატიულ ქვეყანას არ სურს ნახოს, რომ მის პარლამენტს, კონსტიტუციურ ინსტიტუტებს თავს ესხმიან ადამიანები. თალაკვაძის განცხადებით, ქვეყანაში ცვლილებები შესაძლებელია მხოლოდ საარჩევნო ყუთებითა და არჩევნებით, პოლიტიკური დებატებით, დემოკრატიული პლატფორმებისა და ინსტრუმენტების გამოყენებით.

„რაც შეეხება ზაფხულის დემონსტრაციებს, შემიძლია გითხრათ, რომ მსოფლიოში არც ერთ დემოკრატიულ სახელმწიფოს არ სურს იმის ნახვა, თუ როგორ იყენებს პოლიტიკოსთა ჯგუფი ამ პროტესტს, თავს ესხმის კონსტიტუციურ ინსტიტუტებს, ქვეყნის პარლამენტს, საზოგადოებრივ წესრიგს. ჩემთვის ძალიან სამწუხაროა, რომ ამ დემონსტრაციების დროს ჩვენი მოქალაქეები, ახალგაზრდები, ჟურნალისტები და პოლიციის ოფიცრები დაშავდნენ. ჩვენი უპირველესი საზრუნავი და მიზანი ამ ადამიანებისთვის სამედიცინო დახმარება და რეაბილიტაცია რჩება. რა თქმა უნდა, ეს არის ის, რაც ჩვენ ძალიან გვაწუხებს. ამავე დროს, როგორც აღვნიშნე, მსოფლიოში არც ერთ დემოკრატიულ ქვეყანას არ სურს ნახოს, რომ მის პარლამენტს, საზოგადოებრივ წესრიგს, მის კონსტიტუციურ ინსტიტუტებს ძალადობრივად თავს ესხმიან ადამიანები. გვსურს დაგარწმუნოთ, რომ ამ ქვეყანაში ცვლილებები შესაძლებელია მხოლოდ საარჩევნო ყუთებითა და არჩევნებით, პოლიტიკური დებატებით, დემოკრატიული პლატფორმებისა და ინსტრუმენტების გამოყენებით. რა თქმა უნდა, ჩვენი პოლიტიკური და კონსტიტუციური პასუხისმგებლობაა, ამ ქვეყანაში ძალადობრივი გზით ცვლილებები არ განხორციელდეს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

დატოვე კომენტარი