არჩილ თალაკვაძე - არასწორია, თუნდაც მნიშვნელოვან საკითხზე აზრთა სხვადასხვაობა გუნდის დაშლასთან გაიგივდეს
არჩილ თალაკვაძე - არასწორია, თუნდაც მნიშვნელოვან საკითხზე აზრთა სხვადასხვაობა გუნდის დაშლასთან გაიგივდეს

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე მიიჩნევს, რომ საქართველოს იუსტიციის საბჭოს მიერ წარდგენილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების განხილვის შეჩერების საკითხზე ხელისუფლებისა და საზოგადოების აზრი ერთმანეთს ემთხვევა.

„ის, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების განხილვა და დამტკიცება არ მოხდა ამ სესიაზე, ეს არის საერთო გადაწყვეტილება და ვფიქრობ, ის გადაწყვეტილებაა, სადაც ხელისუფლებისა და საზოგადოების აზრი ერთმანეთს დაემთხვა“, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

მისივე თქმით, პარტია „ქართული ოცნების“ ლიდერმა, ბიძინა ივანიშვილმა არაერთი განცხადებით დააფიქსირა სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობისადმი მხარდაჭერა.

„ჩვენი პარტიის თავმჯდომარის არაერთი განცხადება მინდა გავიხსენო, სადაც მკაფიო აქცენტს აკეთებდა, რომ სასამართლო ხელისუფლებას უნდა ჰქონდეს დამოუკიდებლობა, რაც გარანტირებულია კონსტიტუციით და მის საქმიანობაში, გადაწყვეტილებაში ჩარევა არ არის ჩვენი გუნდის სტილი. სწორედ ამ დამოუკიდებლობის ფარგლებში წარმოადგინეს კანდიდატები პარლამენტში, თუმცა მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ამ საკითხს საგაზაფხულო სესიაზე დავუბრუნდებით. არასწორია თუნდაც ძალიან მნიშვნელოვან საკითხზე აზრთა სხვადასხვაობის გაიგივება გუნდში დესტრუქციის ან დაშლის საკითხთან“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ გუშინ განაცხადა, რომ საქართველოს პარლამენტი მიმდინარე სესიაზე არ მიიღებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების განწესების გადაწყვეტილებას.