არჩილ თალაკვაძე - არადემოკრატიულია საუბარი, რომ თუ პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილება არ დაამტკიცა, ბოქლომი უნდა დაედოს, ხოლო თუ დაამტკიცებდა, კარგი და პროგრესული იქნებოდა
არჩილ თალაკვაძე - არადემოკრატიულია საუბარი, რომ თუ პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილება არ დაამტკიცა, ბოქლომი უნდა დაედოს, ხოლო თუ დაამტკიცებდა, კარგი და პროგრესული იქნებოდა

საკონსტიტუციო ცვლილებასთან დაკავშირებულ ნებისმიერ პოლიტიკურ ინიციატივას ყველა დემოკრატიულ სახელმწიფოში იღებს პარლამენტი. შესაბამისად, ეს გადაწყვეტილება მიიღო საქართველოს ლეგიტიმურმა პარლამენტმა და იმაზე საუბარი, რომ თუ პარლამენტმა ეს არ დაამტკიცა, ცუდია და შინ უნდა წავიდეს, ხოლო თუ დაამტკიცებდა, მაშინ კარგი და პროგრესული იქნებოდა – არის ორმაგი მიდგომა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში განაცხადა.

არჩილ თალაკვაძემ 20 ივნისის შემდეგ ქვეყანაში განვითარებული მოვლენებზე ისაუბრა. მისი შეფასებით, ივნისში პროპორციული არჩევნების თარიღის გადმოწევის შესახებ მმართველი გუნდის ინიციატივის გამოცხადებას პროტესტი არ დაუსრულებია – პროტესტი დარჩა, ვიდრე ოპოზიციური პარტიების რესურსი ბოლომდე არ ამოიწურა.

„რომ არ მომხდარიყო 20 ივნისი, ყველამ იცოდა თუ არა ამ საზოგადოებაში, რომ პროპორციული არჩევნები 2024 წელს უნდა ჩატარებულიყო? მაშინ მივიჩნიეთ, რომ ოპოზიციის მოქმედებები იყო უპასუხისმგებლო და შესაბამისად, ჩვენ, როგორც პასუხისმგებლიანმა ხელისუფლებამ, გადავდგით ნაბიჯები. პოსტი დატოვა კონსტიტუციით ერთ-ერთმა ყველაზე მაღალი თანამდებობის პირმა და პარტიის თავმჯდომარემ გააკეთა ინიციატივა პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებით. კიდევ ერთხელ გეუბნებით – სამწუხაროა, რომ ეს გადაწყვეტილება ვერ იქნა პარლამენტში მიღებული. თუმცა, ერთი რამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ნებისმიერ პოლიტიკურ ინიციატივას, საბოლოო ჯამში, ყველა დემოკრატიულ სახელმწიფოში და საქართველოშიც, იღებს პარლამენტი, როდესაც ის საკონსტიტუციო ცვლილებას ან კანონის შეცვლას ეხება. შესაბამისად, ეს გადაწყვეტილება მიიღო საქართველოს ლეგიტიმურმა პარლამენტმა. ახლა იმაზე საუბარი, რომ თუ პარლამენტმა ეს არ დაამტკიცა, არის ცუდი პარლამენტი, შინ უნდა წავიდეს და ბოქლომი უნდა დაედოს, ხოლო თუ ამას დაამტკიცებდა, მაშინ იქნებოდა კარგი და პროგრესული პარლამენტი, ბოდიში, მაგრამ ეს არის ზუსტად ორმაგი მიდგომა და არ არის დემოკრატიული. ეს არ არის კანონის უზენაესობის და იმ პრინციპებზე დაფუძნებული მიდგომა, რომელიც დასავლეთშია“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.