არჩილ თალაკვაძე არ გამორიცხავს, რომ რუს დეპუტატს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელი თვითნებურად დაეკავებინა
არჩილ თალაკვაძე არ გამორიცხავს, რომ რუს დეპუტატს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელი თვითნებურად დაეკავებინა

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე არ გამორიცხავს, რომ პროვოკაციულ ქმედებას ქონდეს ადგილი და რუს დეპუტატს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელი თვითნებურად დაეკავებინა. ამასთან, თალაკვაძის თქმით, იყო შეთანხმება, რომ ბერძენი კოლეგა უნდა გაძღოლოდა სესიას.

„მას შემდეგ, რაც რუსმა დეპუტატმა თანაწამყვანის პოზიცია დაიკავა სხდომათა დარბაზში, ჩვენი რეაქცია და პოზიცია იყო ძალიან ცალსახა და ჩვენი ემოცია იყო იგივე, რაც მთელი საზოგადოების. ვიდრე ოკუპაცია გრძელდება, საქართველოს პარლამენტში რუსი დეპუტატების ადგილი არ არის. რუსმა დეპუტატებმა უნდა დატოვონ საქართველო.

ჩემი ინფორმაციით, იყო შეთანხმება, რომ ბერძენი კოლეგა უნდა გაძღოლოდა სესიას და როდესაც სესია გაიხსნა, რუსმა დეპუტატმა დაიკავა თანათავმჯდომარის პოზიცია. ჩვენ არ ვაპირებთ არავისზე პასუხისმგებლობის გადაბრალებას. ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა, როგორც ხელისუფლების. მომავალში შესაბამისი ზომები იქნება მიღებული, რომ ასეთი რამე აღარ განმეორდეს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

თბილისში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე გენერალური სესია მიმდინარეობს. სესია, რომელიც გუშინ სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში გაიხსნა, დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზში გაგრძელდა. პარლამენტის სპიკერისთვის განკუთვნილი ადგილიდან, დელეგატებს ასამბლეის პრეზიდენტმა, რუსეთის დუმის დეპუტატმა, კომუნისტური პარტიის წევრმა, სერგეი გავრილოვმა მიმართა, რომელიც სხდომას უძღვებოდა. აღნიშნული ფაქტი „ევროპული საქართველოს“ წევრებმა გააპროტესტეს. ისინი შესვენების დროს სხდომათა დარბაზში პლაკატებითა და შეძახილებით შევიდნენ, მოგვიანებით მათ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებიც შეუერთდნენ. დარბაზში დაპირისპირება და ხმაური იყო.

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ სერგეი გავრილოვი შეუთანხმებლად აღმოჩნდა პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში. მისი თქმით, ასამბლეის სხდომა საქართველოს პარლამენტში ვეღარ გაგრძელდება.

სხდომა საქართველოს პარლამენტში შეწყდა და სესიის დელეგატებმა პარლამენტი დატოვეს.