არჩილ თალაკვაძე - არ დავუშვებთ, მომავალში პოლიტიკაში იყვნენ ისეთი უპასუხისმგებლო ძალები, როგორიც „ნაციონალური მოძრაობაა“
არჩილ თალაკვაძე - არ დავუშვებთ, მომავალში პოლიტიკაში იყვნენ ისეთი უპასუხისმგებლო ძალები, როგორიც „ნაციონალური მოძრაობაა“

არ დავუშვებთ, რომ ისეთი უპასუხისმგებლო პოლიტიკური ძალები მომავალში იყვნენ პოლიტიკაში, როგორიც არის „ნაციონალური მოძრაობა“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ წალენჯიხაში განაცხადა, სადაც „ქართულმა ოცნებამ“ აბაშის, მარტვილის, წალენჯიხისა და ჩხოროწყუს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ალექსანდრე მოწერელია წარადგინა.

„გუშინ კიდევ ერთხელ ვნახეთ, მას შემდეგ, რაც აჭარაში ჯანდაცვის პროფესიონალებმა თავდაუზოგავი შრომით, შეძლეს კოვიდ-19-ის შემთხვევების სტაბილიზაცია, ამ უპასუხისმგებლო ძალამ ჩაატარა გუშინ ხალხმრავალი აქცია, ჩაიყვანეს ხალხი ყველა სხვა მუნიციპალიტეტიდან, ყოველგვარი წესების დაცვის გარეშე – ეს არის საზოგადოების და სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული ქმედება. ასეთ პოლიტიკურ ძალასთან გვაქვს დღეს საქმე და მის სატელიტურ სისტემასთან, რომელიც დეზინფორმაციით ცდილობს, რომ ხალხს თეთრი შავად მოაჩვენოს და კარგი ცუდად დააჯეროს. არ დავუშვებთ, ასეთი უპასუხისმგებლო ძალები დაბრუნდნენ ხელისუფლებაში. ეს არის წარსული, მათ აქვთ პრობლემები საკუთარ წარსულთან, ჩვენ კი ვფიქრობთ მომავალზე და მთლიანად მომავალზე ვართ ორიენტირებული“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ მზად არის, მომავალზეც აიღოს პასუხისმგებლობა.

პარლამენტის თავმჯდომარემ „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში მიღწეულ პროგრესზე ისაუბრა და ამ კონტექსტში, ყურადღება გაამახვილა ადამიანის უფლებებისა და თავისუფლების დაცვის კუთხით გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯებზე.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანი რეფორმები განხორციელდა ჯანდაცვის სისტემაშიც და მხოლოდ „ც ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამამ“ 60 ათასზე მეტი მოქალაქის სიცოცხლე და ჯანმრთელობა გადაარჩინა.

მისივე თქმით, მმართველმა გუნდმა უზრუნველყო ხელშესახები პროგრესი განათლების, ინფრასტრუქტურის და საგარეო პოლიტიკის მიმართულებით.

პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, დღეს ევროპა ენდობა საქართველოს და მის ხელისუფლებას.

არჩილ თალაკვაძემ დამსწრეებს „ქართული ოცნების“ სამომავლო გეგმები გააცნო.

მისი თქმით, მომდევნო წლების განმავლობაში ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ახალი სამუშაო ადგილების და ახალი ეკონომიკური შესაძლებლობების შექმნა იქნება.

„ალექსანდრე მოწერელიამ ზუსტად იცის სად და როგორ უნდა გადაჭრას საკითხები, რომელიც თქვენს საზოგადოებას აწუხებს, შესაბამისად, ვფიქრობ, რომ სწორედ ის იქნება ყველაზე ღირსეული წარმომადგენელი თქვენი ოლქიდან და ჩვენ ერთად შევეცდებით, რომ გადავჭრათ საკითხები და უზრუნველვყოთ ჩვენი ქვეყნის, ჩვენი სამეგრელოს, თქვენი ქალაქის, თქვენი სოფლების წინსვლა და პროგრესი“, – მიმართა შეკრებილებს არჩილ თალაკვაძემ.