არჩილ თალაკვაძე - ანაკლიის პორტის წარმატებისთვის სახელმწიფოს ბევრი აქვს გაკეთებული, მომავალშიც ამ პროექტის მთავარი მოკავშირე სწორედ სახელმწიფოა 
არჩილ თალაკვაძე - ანაკლიის პორტის წარმატებისთვის სახელმწიფოს ბევრი აქვს გაკეთებული, მომავალშიც ამ პროექტის მთავარი მოკავშირე სწორედ სახელმწიფოა 

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე მიესალმება ვიცე-პრემიერის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის ინიციატივას, დეპუტატებს ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებით სრული ინფორმაცია მიაწოდოს.

თალაკვაძის თქმით, ანაკლიის პორტი სტრატეგიული, სახელმწიფოს მიერ დაწყებული პროექტია.

„როდესაც კითხვები გაჩნდა, ჩვენ გვაქვს ვალდებულება, რომ საზოგადოებას ამ თემაზე ამომწურავი ინფორმაცია მივაწოდოთ. მინისტრის ინიციატივას მივესალმებით, რომ ის პარლამენტში პლენარულ სხდომაზე მოდის და დეპუტატებს სრულ ინფორმაციას მიაწვდის. ანაკლიის პორტი სტრატეგიული პროექტია. ეს სახელმწიფოს მიერ დაწყებული პროექტია. სახელმწიფოს ანაკლიის პორტის წარმატებისთვის ძალიან ბევრი აქვს გაკეთებული. მომავალშიც ამ პროექტის მთავარი მოკავშირე სწორედ სახელმწიფოა. ამიტომ დღეს მნიშვნელოვანია, რომ ყველა კითხვა რაც ოპოზიციასა და მედიაში, ასევე საზოგადოების შიგნით არის, დაისვას და ამაზე პასუხები აუცილებლად გაცემული იქნება“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

რაც შეეხება ოპოზიციის შეფასებებს, რომ ანაკლიის პორტის პროექტის შეჩერება რუსეთის ინტერესშია, არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ ამის პასუხია, საქართველოს მტკიცე თანამშრომლობა აშშ-სთან.

„ამაზე ჩვენი პასუხია, რომ სტრატეგიული და მტკიცე თანამშრომლობა გვაქვს ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ევროკავშირთან. მხარდაჭერა მათი მხრიდან გაზრდილია. ეს არის ჩვენი პასუხი. რაც შეეხება რუსეთის ინტერესებს, რუსეთს გლობალური ინტერესები, მათ შორის გეოპოლიტიკური ინტერესები აქვს. ამ რეგიონში უკანონოდ ოკუპირებული აქვს ჩვენი ტერიტორიები. რუსეთის მცდელობები ყოველთვის იქნება არამხოლოდ ეკონომიკის, არამედ სხვა მიმართულებებითაც, რომ საქართველოში განვითარების პროცესი შეფერხდეს. მთავარია, რომ მთელი საზოგადოება კონსოლიდირებული იყოს იმაზე, რა სჭირდება ქვეყანას. ამაზე კამათი არ შეიძლება არსებობდეს“, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა.