არჩილ თალაკვაძე - ამერიკელ კოლეგებს დავუდასტურე, რომ რა მოდელიც უნდა იყოს შერჩეული, საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება დემოკრატიულად და გამჭვირვალედ
არჩილ თალაკვაძე - ამერიკელ კოლეგებს დავუდასტურე, რომ რა მოდელიც უნდა იყოს შერჩეული, საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება დემოკრატიულად და გამჭვირვალედ

ამერიკის შეერთებული შტატები არის ნომერ პირველი სტრატეგიული პარტნიორი, ჩვენი ქვეყნის ორმხრივ ურთიერთობებს არავითარი საფრთხე არ ემუქრება და საქართველოს ევროატლანტიკურ დღის წესრიგს, საქართველოს განვითარებას, ჩვენს პრიორიტეტებს აქვს ძალიან ძლიერი მხარდაჭერა ამერიკის შეერთებულ შტატებში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

როგორც არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, აშშ-ში ვიზიტის დროს შეხვდა კონგრესის წევრებს, ექსპერტებს, ასევე სახელმწიფო დეპარტამენტისა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს.

„მინდა ყველას, ჩემს კოლეგებს კონგრესში, ჩვენს ამერიკელ პარტნიორებს მადლობა გადავუხადო მნიშვნელოვანი და მაღალი დონის შეხვედრებისთვის. მივიჩნევ, რომ ეს სამუშაო ვიზიტი ჩვენს ქვეყანას აუცილებლად გამოადგება. ჩვენ გვაქვს კიდევ რამდენიმე მაღალი დონის ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში. აშშ არის ჩვენი ნომერ პირველი სტრატეგიული პარტნიორი, ჩვენი ქვეყნის ორმხრივ ურთიერთობებს არავითარი საფრთხე არ ემუქრება და საქართველოს ევროატლანტიკურ დღის წესრიგს, საქართველოს განვითარებას, ჩვენს პრიორიტეტებს აქვს ძალიან ძლიერი მხარდაჭერა ამერიკის შეერთებულ შტატებში. რაც შეეხება კონგრესმენების მიერ დასმულ კითხვებს, რაც ასევე მათ წერილებში იყო ასახული, ჩვენ გვქონდა დეტალური საუბარი თითოეულ საკითხთან დაკავშირებით. მინდა დაგარწმუნოთ, რომ საქართველო აგრძელებს დემოკრატიის გაძლიერებას, თავისი ინსტიტუტების გაძლიერებას და ასევე ამერიკული ინვესტიციები საქართველოში არის დაცული, ამას ადასტურებს ბოლო მნიშვნელოვანი საინვესტიციო გადაწყვეტილება, როდესაც ბათუმის პორტში ახალი მსხვილმასშტაბიანი ინვესტიციის განხორციელებაზე კორპორაცია „ტრამომ“ გადაწყვეტილება მიიღო. მე კიდევ ერთხელ დავუდასტურე ჩვენს ამერიკელ კოლეგებს, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, რა მოდელიც არ უნდა იყოს შერჩეული საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება დემოკრატიულად, თავისუფლად და გამჭვირვალედ“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.