არჩილ თალაკვაძე - ამ ქვეყანაში თუ ვინმე აკეთებდა და აკეთებს რუსულ საქმეს, არის სააკაშვილი და მის გარშემო შემოკრებილი რადიკალთა ჯგუფი, ჩვენი საგარეო პოლიტიკური კურსი ურყევია
არჩილ თალაკვაძე - ამ ქვეყანაში თუ ვინმე აკეთებდა და აკეთებს რუსულ საქმეს, არის სააკაშვილი და მის გარშემო შემოკრებილი რადიკალთა ჯგუფი, ჩვენი საგარეო პოლიტიკური კურსი ურყევია

სენატში ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის წარმომადგენლებმა და სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებმა პირდაპირ განაცხადეს, რომ „ქართულ ოცნებას“ არასდროს გადაუხვევია პროდასავლური კურსიდან და საქართველო არის აშშ-ის საიმედო პარტნიორი, ერთგული მეგობარი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, საგარეო პოლიტიკური კურსი არის ურყევი, მტკიცე და ის ორიენტირებულია საქართველოს ინტეგრაციაზე დასავლურ ოჯახში.

„კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რამაა, რაზეც მინდა, მივაპყრო თქვენი ყურადღება. აშშ-ში გამართულ მოსმენაზე, სენატში ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის წარმომადგენლებმა და სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებმა პირდაპირ განაცხადეს, რომ „ქართულ ოცნებას“ არასდროს გადაუხვევია პროდასავლური კურსიდან და საქართველო არის აშშ-ის საიმედო პარტნიორი, ერთგული მეგობარი. ამ ფონზე, როდესაც ასეთი შეფასება გააკეთეს ჩვენმა პარტნიორებმა, რისთვისაც მადლობას ვუხდი რასაკვირველია, კენტს და მთლიანად ამერიკის მთავრობას, ოპოზიციის ეს რადიკალური ნაწილი კვლავ აგრძელებს ქვეყანაში პროვოკაციებს და დეზინფორმაციას, სადაც ისინი არაერთ ბრალდებას გამოთქვამენ „ქართული ოცნების“ საგარეო კურსთან დაკავშირებით. რეალურად, თუ ვინმე ამ ქვეყანაში აკეთებდა და აკეთებს დღესაც რუსულ საქმეს, რაზეც მიუთითეს კიდეც ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა, ეს გახლავთ მიხეილ სააკაშვილი და რადიკალთა ის ჯგუფი, რომელიც მის გარშემო არის შემოკრებილი. ვინაიდან მათ, პირდაპირ გეუბნებით, ფეხქვეშ გათელეს ყველა დასავლური ღირებულება და ამით მოემსახურნენ რუსეთის ინტერესებს, როდესაც სისტემურად არღვევდნენ ადამიანის უფლებებს, საკუთრების უფლებას და ბიზნეისის თავისუფლებას. მათ სტრატეგიული ობიექტები მიჰყიდეს რუსეთის ან რუსეთთან დაკავშირებულ კომპანიებს, რითაც გააძლიერეს საქართველოზე რუსეთის გავლენა. მათ ასევე ხელი მოაწერეს აგვისტოს ომთან დაკავშირებით ისეთ საერთაშორისო დოკუმენტს ევროპის საბჭოში, სადაც საქართველო პირდაპირ არის დადანაშაულებული ომის პროვოცირებაში, რაც არის პირდაპირ ჩემი აზრით, ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკური ნაბიჯი მათი მხრიდან. დღეს მათ ჰყოფნით კიდევ პოლიტიკური სინდისი და ჩვენს მიმართ ლაპარაკობენ იმას, რაც თვითონ გააკეთეს რეალურად წლების განმავლობაში. ამიტომ, საზოგადოება არ უნდა შეცდეს ამაში. რასაკვირველია, საზოგადოება ხედავს და საზოგადოება მხარს უჭერს ჩვენს პოლიტიკურ პარტიას ზუსტად იმიტომ, რომ ჩვენ თანმიმდევრულები ვიყავით მაშინაც, როდესაც მოვედით ხელისუფლებაში და თანმიმდევრულები ვართ დღესაც, როდესაც კონსტიტუციაში ჩავწერეთ საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური დღის წესრიგის შესახებ. ჩვენი საგარეო პოლიტიკური კურსი არის ურყევი, მტკიცე და ის ორიენტირებულია საქართველოს ინტეგრაციაზე დასავლურ ოჯახში“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.