არჩილ თალაკვაძე - ახალ პრეზიდენტს შესაძლებლობა უნდა მივცეთ, თავად გადაწყვიტოს, სად იქნება მისი ადმინისტრაცია 
არჩილ თალაკვაძე - ახალ პრეზიდენტს შესაძლებლობა უნდა მივცეთ, თავად გადაწყვიტოს, სად იქნება მისი ადმინისტრაცია 

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე მიიჩნევს, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულ სალომე ზურაბიშვილს შესაძლებლობა და უფლება უნდა ჰქონდეს, თავად გადაწყვიტოს, სად იქნება პრეზიდენტის ოფისი.

ამასთან, არჩილ თალაკვაძე ამ ეტაპზე ვერ აკონკრეტებს, პრეზიდენტის ავლაბრის სასახლის შენობაში რა დაწესებულება განთავსდება.

„პრეზიდენტის რეზიდენცია ის თემა არ არის, რომელიც საქართველოსთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. სალომე ზურაბიშვილმა ჯერ კიდევ საარჩევნო კამპანიის დაწყებისას განაცხადა,სად აპირებს მუშაობას და სად იქნება პრეზიდენტის ოფისი. როცა ახალი პრეზიდენტი დიდი უმრავლესობის მიერ არის არჩეული, მას შესაძლებლობა და უფლება უნდა მივცეთ, თავად გადაწყვიტოს, სად იქნება პრეზიდენტის ოფისი და ადმინისტრაცია. ჩემთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, პრეზიდენტი და მისი ოფისი როგორ შეასრულებენ თავის ფუნქციებს. ამ შემთხვევაში, სასახლე თუ რეზიდენცია, ეს მეორე ხარისხოვანი საკითხია“, – განაცხადა თალაკვაძემ.

საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა გუშინ დაადასტურა, რომ ავლაბრის სასახლეში შესვლას არ აპირებს და პრეზიდენტის რეზიდენცია ათონელის ქუჩაზე იქნება.