არჩილ თალაკვაძე - აგრესიული ფსევდოპატრიოტიზმით ეს ქვეყანა ვერ გაერთიანდება და ნებისმიერ ასეთ ინიციატივას მმართველი გუნდი პარლამენტში მხარს არ დაუჭერს
არჩილ თალაკვაძე - აგრესიული ფსევდოპატრიოტიზმით ეს ქვეყანა ვერ გაერთიანდება და ნებისმიერ ასეთ ინიციატივას მმართველი გუნდი პარლამენტში მხარს არ დაუჭერს

ქვეყანაში მართვაზე, ხელისუფლების განხორციელებაზე ძირითადი პასუხისმგებლობა დღესდღეობით აღებული აქვს საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებულ პარტიას „ქართულ ოცნებას“, შესაბამისად, პოლიტიკოსებს სხვადასხვა სფეროში აყალიბებს მმართველი გუნდი და ხელისუფლება. ასეთი განცხადება გააკეთა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ „ევროპული საქართველოს“ ინიციატივასთან დაკავშირებით, რომელიც ოკუპაციის თემაზე სპეციალური დადგენილების მიღებას გულისხმობს.

როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, საზოგადოებას კარგად ახსოვს წინა ხელისუფლების დეოკუპაციის პოლიტიკა.

„დახმარებას მივესალმებოდით ამ სფეროში, თუ მართლა დაგვეხმარებით, მაგრამ ისე ვერ მოხდება, რომ საგარეო და დეოკუპაციის მიმართ პოლიტიკა, განათლების სფეროში, ევროპული და ევროინტეგრაციის მიმართულებით ჩვენი სამუშაო მიმართულებები თქვენ განსაზღვროთ და ჩვენ დაგეთანხმოთ. ეს მოხდება მერე, თუ თქვენ არჩევნებში მიიღებთ მონაწილეობას და იქ აჩვენებთ შედეგს, მაგრამ ამისთვის ჯერ წინ გაქვთ არჩევნები. თქვენი საგარეო პოლიტიკა, რასაც თქვენ აწარმოებდით, ტელემაყურებელსა და საქართველოს საზოგადოებას ნანახი აქვს. მე თქვენ პირადად არ გადანაშაულებთ, მაგრამ პოლიტიკური პასუხისმგებლობა თქვენც უნდა აიღოთ, როდესაც ამ ტიპის დებატებში შემოდიხართ. ნახეთ, რა მოგვიტანა მაშინ დეუკუპაციისა და საგარეო პოლიტიკამ.

ყველაფერი შედეგებით უნდა შევაფასოთ, შედეგი იყო ის, რომ ოკუპაცია გაღრმავდა, 200-ზე მეტი სოფელი დავკარგეთ; როდესაც ომის დროს ჯარისკაცებმა უკან დაიხიეს, მთავრობის ნაწილი გაქცეული დახვდა; სამხედრო ტექნიკა დატოვა ხელისუფლებამ სხვადასხვა ხეობაში; მოსახლეობის ევაკუაცია არ მომხდარა. ოკუპაცია რეალურად გაღრმავდა და საქართველოს ტერიტორიების მიტაცებამ და ოკუპაციამ მიაღწია 20 პროცენტს. როდესაც ამ ოკუპაციაზე დამატებით ზეწოლას ახდენს რუსეთის ფედერაცია, იმის მაგივრად, რომ თქვენ დაიჭიროთ საერთო ეროვნული პოზიციები, ხელისუფლებას დაუჭიროთ მხარი ამ ყველაფრის შეკავებაში და ამასთან ბრძოლაში, ამის მაგივრად გამოდიხართ და ხელისუფლებას ეუბნებით, რომ ის ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებს ახორციელებს, საკმარისად არ ლაპარაკობს პარტნიორებთან, უფრო აგრესიულ ნაბიჯებს არ დგამს. მოდით, ერთ რამეზე შევთანხმდეთ, აგრესიული ფსევდოპატრიოტიზმით ეს ქვეყანა ვერ გაერთიანდება, ბატონო ოთარ. ნებისმიერ ინიციატივას, რომელიც იქნება აგრესიული ფსევდოპატრიოტიზმით, მმართველი გუნდი პარლამენტში მხარს არ დაუჭერს. თუ თქვენ გჯერათ, რომ ტერიტორიული მთლიანობა ასე აღდგება, შეიტანეთ თქვენს საარჩევნო პროგრამაში 2020 წელს, მაგ პროგრამით შეხვდით საზოგადოებას და მიიღეთ მანდატი“, – მიმართა არჩილ თალაკვაძემ „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელს, ოთარ კახიძეს.