არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ საგანგებო მდგომარეობის გაგრძელების ალბათობა მაღალია
არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ საგანგებო მდგომარეობის გაგრძელების ალბათობა მაღალია

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ საგანგებო მდგომარეობის გაგრძელების ალბათობა მაღალია.

ბიუროს დღევანდელ სხდომაზე არჩილ თალაკვაძემ ოპოზიციონერი დეპუტატის, გიორგი ლომიას მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ საგანგებო მდგომარეობის გაგრძელება არ გამორიცხა.

გიორგი ლომია დაინტერესდა იმით, თუ ხელისუფლების პოზიციაა, რომ პატრული ვერ დაიწყებს გარკვევას, ვინ არის ოჯახის წევრი და სწორედ ამიტომ, ავტომობილში წინ ჯდომა აკრძალულია, რატომ შეიძლება, ეს დაშვებული იყოს პატრულის ეკიპაჟებისთვის, რომლებიც ერთმანეთის ნათესავები არ არიან და ერთად არ ცხოვრობენ.

„ასევე, რატომ არ შეიძლება, „საპარიკმახერო“ გაიხსნას და უსაფრთხოების დაცვით, მცირე ბიზნესმა საქმიანობა გააგრძელოს?“, – აღნიშნა ლომიამ.

ოპოზიციონერ დეპუტატს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე გამოეხმაურა.

„თუ საგანგებო მდგომარეობის გაგრძელების საჭიროება იქნება და სავარაუდოდ ამის ალბათობა მაღალია, თქვენ მოგეხსენებათ, რომ მთავრობის წარმომადგენელი მოვა და მოხსენებას წარადგენს. გთხოვთ, კითხვები მოინიშნოთ. საინტერესო განხილვა იქნება, სანამ გადაწყვეტილებას მივიღებთ“, – მიმართა ლომიას თალაკვაძემ.