არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ რუსეთთან საქართველოს ხელისუფლების ფარულ მოლაპარაკებებთან დაკავშირებით განცხადებები არის პროპაგანდა ევროინტეგრაციის წინააღმდეგ
არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ რუსეთთან საქართველოს ხელისუფლების ფარულ მოლაპარაკებებთან დაკავშირებით განცხადებები არის პროპაგანდა ევროინტეგრაციის წინააღმდეგ

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ოპოზიციის განცხადებები რუსეთთან საქართველოს ხელისუფლების ფარულ მოლაპარაკებებთან დაკავშირებით არის მათი პროპაგანდა ქვეყნის ევროინტეგრაციის წინააღმდეგ.

მისი თქმით, მსგავსი განცხადებების მიზანი არის, რომ ჩაშალონ საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი და ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი ვერ მიიღოს.

„ეს არის სიცრუე, ოპოზიციის პროპაგანდა საქართველოს ევროინტეგრაციის წინააღმდეგ. ის, რომ ზუსტად ახლა გააქტიურდით, ის, რომ ახლა აკეთებთ ასეთ პროპაგანდას, ეს პირდაპირ უკავშირდება იმ მიზანს, რომელზეც ილაპარაკეს ოპოზიციის ლიდერებმა, ცისკარიშვილმა, სამადაშვილმა“, – განაცხადა თალაკვაძემ.

ოპოზიციონერი დეპუტატის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, შვიდი დეპუტატი კითხვით მიმართავს საქართველოს ხელისუფლებას, რა ფარული მოლაპარაკებები და შეთანხმებები მიმდინარეობს რუსეთთან.