არჩილ თალაკვაძე - 26 მაისის ღონისძიებას ყველა ინსტიტუტის ხელმძღვანელი ესწრებოდა და სპეკულაციები უადგილოა, რადიკალური ოპოზიცია დღეს საკუთარი ქვეყნის ოპოზიციაში დგას
არჩილ თალაკვაძე - 26 მაისის ღონისძიებას ყველა ინსტიტუტის ხელმძღვანელი ესწრებოდა და სპეკულაციები უადგილოა, რადიკალური ოპოზიცია დღეს საკუთარი ქვეყნის ოპოზიციაში დგას

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, 26 მაისის ღონისძიებას ყველა ინსტიტუტის ხელმძღვანელი ესწრებოდა და ასეთ მნიშვნელოვან დროს სპეკულაციები უადგილოა.

თალაკვაძის თქმით, რადიკალური ოპოზიცია საკუთარი ქვეყნის ოპოზიციაში დგას და ყველაფერი გააკეთეს, რათა როგორმე ჩრდილი მიეყენებიათ ამ მნიშვნელოვანი თარიღისთვის.

„ყველა კონსტიტუციური ხელმძღვანელი, ინსტიტუტის ხელმძღვანელი ესწრებოდა ამ ღონისძიებას – პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე. შესაბამისად, ეს სპეკულაციები უადგილოა. იმ ადამიანებს, ვისაც გინდათ, რომ მაქედან პოლიტიკური სკანდალი შექმნათ, მინდა, მოკრძალებით გირჩიოთ, გაიხსენოთ თქვენი ფავორიტი ლიდერები, რომლებიც სახელმწიფოს ხარჯზე დადიოდნენ შოპინგზე, სახელმწიფოს ხარჯზე იტარებდნენ რეკრეაციულ პროცედურებს, ადამიანები, რომლებმაც ყველაფერი სახელმწიფოებრივი რეალურად ფეხქვეშ გათელეს. ამიტომ უადგილოა ასეთ მნიშვნელოვან დროს სპეკულაციები. ამ ყველაფერს შეგვიძლია, დავარქვათ მოკლე სათაური – რადიკალური ოპოზიცია დღეს დგას საკუთარი ქვეყნის ოპოზიციაში. ის არ არის ხელისუფლების ოპონენტი, არამედ საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ მუშაობს. ბუნებრივია, ფაქტი, რომ 26 მაისს ამდენი პროვოკაცია დაიგეგმა და ყველაფერი გააკეთეს, რათა როგორმე ჩრდილი მიეყენებიათ ამ მნიშვნელოვანი თარიღისთვის, კიდევ ერთხელ ადასტურებს, სინამდვილეში ვისთან გვაქვს საქმე, როგორც იქცეოდნენ ხელისუფლებაში ყოფნის დროს, ისე იქცევიან ოპოზიციაში ყოფნის დროსაც. მაშინაც ყველაფერს ეროვნულს, ყველაფერს, რომელიც უკავშირდებოდა ჩვენი ქვეყნის ფასეულობებს, ფეხქვეშ თელავდნენ, დღესაც არიან დაკავებული იმავე საქმით. ამიტომ ვუწოდებთ ჩვენ მას რადიკალურ ოპოზიციას და სწორედ ამიტომ ვეუბნებით სიმართლეს. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რათა საქართველომ მშვიდობიანად, უსაფრთხოდ განაგრძოს განვითარება და დაიმკვიდროს თავისი ადგილი ევროპულ ოჯახში, რომლის წინააღმდეგაც ასე ძალიან მუშაობენ ჩვენი ოპონენტები“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.